აქტუალური
გაჭირვებულ სოფლის მეურნეობას უამინდობაც დაემატა

xvnaსოფლის მეურნეობის დარგის ანალიტიკოსები შიშობენ, რომ ცივი ამინდი სოფლის მეურნეობას დააზარალებს და მოსავლიანობას მკვეთრად შეამცირებს. შარშანდელმა უამინდობამ მწირი და უხარისხო მოსავლის მიღება განაპირობა. სპეციალისტთა აზრით, თუ წელსაც იგივე განმეორდა, ისედაც განადგურებულ სოფლის მეურნეობას კიდევ უფრო უარესი დღე ელის. უამინდობა, გარდა იმისა, რომ ხელს უშლის საგაზაფხულო სამუშაოებს, იმოქმედებს მოსავლის მარაგზეც. ამჟამად სერიოზული პრობლემებია კახეთში, შიდა და ქვემო ქართლში, წვიმებია დასავლეთშიც, რის გამოც საგაზაფხულო სამუშაოები ფერხდება. დასავლეთში, ძირითადად, სიმინდი ითესება და ეს პროცესი აპრილის ბოლომდე უნდა დასრულდეს. ავდარი განსაკუთრებით დააზარალებს მეხილეობასა და მებოსტნეობას, შემცირდება თხილის მოსავალიც. ამის შესახებ საქინფორმს ექსპერტი თამაზ კუნჭულია ესაუბრა.