საქართველო, 29 ოქტომბერი, საქინფორმი. ჩვენი ინფორმაციით, თბილისის მერიაში შესულია წერილი, რომლის მიხედვით, „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნების დღეს პარლამენტის წინ 12:00 საათიდან იკრიბება. როგორც ჩანს, სრული რესურსის მობილიზაციას არა საარჩევნო, არამედ ამ მიმართულებით გეგმავენ და აანონსებენ მრავალათასიანი აქციის ჩატარებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ მამუკა მდინარაძემ გუშინდელ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მამუკა მდინარაძე აღნიშნა, აქციის დაანონსება ნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის სასოწარკვეთილების პიკში, ზუსტად იციან, რომ დემოკრატიულ არჩევნებში რაიმე სახის წარმატების შანსი არ გააჩნიათ.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნების ნაცვლად აქციებისა და არეულობებისთვის ემზადება. ეს არ არის სიახლე ქართული საზოგადოებისთვის.
„როდესაც პოლიტიკური პარტიები, მათი აქტივისტები, მხარდამჭერები და მთელი მოსახლეობა ხმის მიცემის საარჩევნო პროცესში იქნებიან ჩართული, ხმების პარალელური დათვლის შედეგად მიღებული მონაცემების დაცვის აბსურდული საბაბით, „ნაციონალური მოძრაობა“ ფსონს სიტუაციის რადიკალიზაციაზე, არეულობის შექმნაზე აკეთებს და სრული რესურსით, ქვეყნის მთავარ გამზირზე იკრიბება. ფაქტია, ამ პარტიას არჩევნებში ამომრჩევლის მობილიზების ნაცვლად, სხვა სახის დესტრუქციული მიზნები აქვს და მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ მათ მორიგ მავნებლურ ზრახვებს, ამ უკიდურესად პროვოკაციულ ქმედებას, კიდევ ერთხელ გასცეს ღირსეული და საკადრისი პასუხი. თითოეული ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ საჭიროა, საქართველოს წინსვლა, კიდევ უფრო სწრაფი ტემპით განვითარების გაგრძელება, ვინც ფიქრობს, რომ 2024 წელს ჩვენმა ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის განაცხადი გააკეთოს, მომდევნო წლებში კი, სრულფასოვანი ინტეგრირება და მოქალაქეებისთვის უკეთესი ცხოვრების პირობების უზრუნველყოფა შევძლოთ, აუცილებელია, უარი ვუთხრათ რევანშს, დესტრუქციას. მივიდეთ არჩევნებზე და დავუჭიროთ მხარი წარმატებულ საქართველოს. ამ არჩევნებში არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი დანაყოფები უნდა დამარცხდნენ, არამედ უნდა გაიმარჯვოს ქართველმა ხალხმა და ხალხთან ერთად უნდა უზრუნველვყოთ ისეთი შედეგი, რომელიც „ნაცმოძრაობას“ და მის კლასტერს წარმატების ილუზიების შანსს გაუქრობს და გზას ახალ, ჯანსაღ, პროფესიონალ ძალებს გაუხსნის“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.