საზოგადოება
ცესკო თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდებს

 საქართველო, 27 ოქტომბერი, საქინფორმი. ცენტრალური საარჩევნო კომისია, კიდევ ერთხელ მიმართავს თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს, იაქტიურონ, დარეკონ ცესკო-ს სატელეფონო საინფორმაციო ცენტრში და მოითხოვონ გადასატანი საარჩევნო ყუთის მომსახურება, – ამის შესახებ ცესკო-ს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ცესკო-ში უკვე მესამე დღეა გამართულად და სრული დატვირთვით მუშაობს სატელეფონო საინფორმაციო ცენტრი“.

შესაბამისი უწყების მიერ გადმოცემული მონაცემების მიხედვით, 25 ოქტომბრის მდგომარეობით დაახლოებით ცხრა ათასამდე პირია რეგისტრირებული ბაზაში, რომლებიც საარჩევნო ასაკის მქონენი არიან და კენჭისყრის დღეს თვითიზოლაციაში იქნებიან. ამასთან, აღნიშნული მონაცემები 26 ოქტომბრის მდგომარეობით დამატებით განახლდება. აღსანიშნავია, რომ მოცემული დროისთვის გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნით ცესკო-ს სატელეფონო საინფორმაციო ცენტრს მომართა 1 500-ზე მეტმა ამომრჩეველმა და ამ წუთებშიც გრძელდება ზარების მიღება. სპეციალური უბნებისა და მისამართების მოხედვით, გადანაწილდებიან თვითიზოლაციაში მყოფი პირები, რომელთა მოთხოვნა შეესაბამება გადასატანი ყუთით მომსახურების კრიტერიუმებს.

საარჩევნო ადმინისტრაცია შეახსენებს თვითიზოლაციაში მყოფ პირებს, რომ გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნის ვადა იწურება დღეს საღამოს 22:00 საათზე, შესაბამისად კიდევ ერთხელ მივმართავთ მათ დარეკონ ცესკო-ს სატელეფონო საინფორმაციო ცენტრში ტელეფონის ნომერზე 2 51 00 51 , შიდა ნომერი 0 და დროულად მოითხოვონ გადასატანი საარჩევნო ყუთით მომსახურება“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.