დღეს, 18 აპრილს, თბილისში აშშ-ის სენატორთა დელეგაცია ჩამოვიდა, რომელსაც სენატორი ჯონ კაილი (არიზონა) ხელმძღვანელობს.
დელეგაციის შემადგენლობაში შედიან სენატორები ჯეფ სეშონი (ალაბამა), მაიკლ კრაპო (აიდაჰო), რონ ჯონსონი (ვისკონსინი).
ამერიკელი სენატორების დელეგაცია შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანთან, ოპოზიციის წარმომადგენლებთან, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასა (EUMM) და არასამთავრობო სექტორთან.
ისინი კონფლიქტურ ზონებსაც მოინახულებენ.საქართველოში ვიზიტი სენატორების აღმოსავლეთევროპული ტურნეს ნაწილია. სენატორ კაილის თანაშემწე ტიმ მორისონის ინფორმაციით, ვიზიტის მთავარი მიზანია, სენატორები გაეცნონ, თუ როგორ იმოქმედა პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციის მიერ რუსეთთან წამოწყებულმა „გადატვირთვის პოლიტიკამ“ აღმოსავლეთ ევროპაში აშშ-ში მოკავშირეების უსაფრთხოებაზე.
სენატორი ჯონ კაილი აშშ-ის სენატის იურიდიული კომიტეტის წამყვანი წევრია, მას სენატის „რესპუბლიკური პარტიის“ ხელმძღვანელობაში რიგით მეორე – ფრაქციის მდივნის თანამდებობაც უკავია. სენატორ კაილს, ჯეფ სეშონთან ერთად, არაერთხელ დაუფიქსირებია საკუთარი კრიტიკული დამოკიდებულება რუსეთთან მიმდინარე „გადატვირთვის პოლიტიკასთან“ დაკავშირებით.
2006 წელს ჟურნალმა „ტაიმმა“ ჯონ კაილი 10 საუკეთესო სენატორთა სიაში შეიყვანა.