პოლიტიკა
ქართულ-რუსული მოლაპარაკებები მსო-ზე ისევ ბერნში

kalandadze_ninoo„საქართველოსა და რუსეთის დელეგაციები მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (მსო) რუსეთის გაწევრების საკითხზე მოლაპარაკებათა მორიგ რაუნდს 28-29 აპრილს ბერნში გამართავენ“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ ორშაბათის ბრიფინგზე.

„გაწევრების საკითხი არ წარმოადგენს პოლიტიკურ საკითხს, – განაცხადა მან, – უპირველეს ყოვლისა, ჩვენს დაინტერესებაშია, რომ ეს მოლაპარაკებები წარმატებულად წარიმართოს და რუსეთმა შეძლოს გაწევრება, თუმცა იცით თქვენ, რომ ჩვენ რამდენიმე მოთხოვნა გვაქვს, რომლებიც პირდაპირ გამომდინარეობს სავაჭრო ორგანიზაციის წესდებიდან და არავითარ შემთხვევაში არ ატარებს ეს რაიმე სახით პოლიტიკურ ხასიათს“.

თბილისში აცხადებენ, რომ მსო-ში რუსეთის გაწევრებაზე პოზიცია უცვლელი რჩება და ის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში საბაჟო-გამშვები პუნქტების „გამჭვირვალობის“ უზრუნველყოფაში მდგომარეობს.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მხარეებს შორის პირველი შეხვედრა მსო-ს თემაზე შვეიცარიის შუამავლობით წლევანდელ 10 მარტს გაიმართა.

შვეიცარია დიპლომატიურ შუამავლობას ეწევა ორ ქვეყანას შორის მას შემდეგ, რაც აგვისტოს ომის შემდგომ საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები გაწყდა.