საზოგადოება
საქართველოს მთავარი ოქრომჭედელი - გამოუგონარი ისტორიები ალბერტ ხიდირბეგიშვილისგან

     სიყვარულმა ხანძარი გამოიწვია

   თბილისის საიუველირო ქარხნის მთავარი მხატვრის, სტალინის პრემიის ლაურეატის, სსრკ–ის დიზაინერთა კავშირის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, ალბერტ (აბესალომ) ხიდირბეგიშვილის მოგონებებიდან:

”მამაჩემი, გიორგი ხიდირბეგიშვილი, თავადი* იყო, თუმცა ღარიბი ოჯახიდან, ამიტომ მისი მომავალი მეუღლის შეძლებული მშობლები, რომლებიც თბილისში რამდენიმე პურის საცხობს ფლობდნენ, კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ მათ შეხვედრებს. კეთილშობილი, მაგრამ ღარიბი ინტელიგენტის დაჟინების შემჩნევისთანავე, ოცდახუთი წლის მშვენიერ სოფიკო (ასე ჰქვია დედაჩემს) გასვლაც კი აუკრძალეს გოგოლის ქუჩაზე, საკუთარი სახლის მეორე სართულის აივანზე, სადაც მეზობლად, მოპირდაპირე მხარეს ცხოვრობდა შემდგომში მთელი საქართველოსთვის საყვარელი კომპოზიტორ გიორგი ცაბაძის ოჯახი, რომელიც ჩემი მშობლების სიყვარულის უნებლიე მოწმე შეიქნა.

   რა უნდა ეღონა?! და აი შეყვარებული ჭაბუკი, ყველასგან ფარულად, ღამით იწყებს (ისე რომ, ღმერთმა არა ქნას, ვინმე ნაცნობმა თვალი მოჰკრას!) მტვირთავად მუშაობას... რა თქმა უნდა, არა ფულის დასაგროვებლად და თავისი საყვარელი სოფიკოს მშობლებთან სიმდიდრეში შესაჯიბრებლად - მისი წარმომავლობის ადამიანისთვის შეუფერებლად გამომუშავებული ფულით, ის ყიდულობს ფაეტონს, რომელსაც დილაუთენია ქუჩაში, საყვარელი სოფიკოს აივნის ქვეშ ცეცხლს უკიდებს, მანამდე კი ცხენს გამოხსნის!

ხანძარია! ხანძარი!" - ვიწრო ტიფლისური ქუჩის ყველა მკვიდრი გამოცვივდა გარეთ ამ შეძახილებზე, გადმოეკიდნენ ფანჯრებსა და კარებიდან, აივანზე გამოვიდა სოფიკოც. როდესაც მისი მზერა გიორგის თვალებს შეეფეთა, რომელიც, ვითომდა აქ არაფერიაო, ცაბაძის სახლის თაღიდან რომ უყურებდა, ქალი მიხვდა, რომ ფაეტონს ცეცხლი ეკიდა ჭაბუკის გულში მობობოქრე სიყვარულის ცეცხლის გამო...

   ჭაბუკი დაჯილდოვდა - მან იხილა თავისი სიყვარული, ხოლო ცეცხლის ალმა მოულოდნელად გაალღვო მისი მშობლების გული - ერთი თვის შემდეგ ყველა მეზობელმა მათ ქორწილში მოილხინა!

   *ხიდირბეგიშვილი ქართული თავადური გვარი, ამილახვრების შტო. მოხსენიებულია 1783 წელს გეორგიევსკის ხელშეკრულების თანდართული ქართლის თავადთა ნუსხაში. მათმა ერთ-ერთმა წინაპარმა, თურქების მიერ ახალციხის აღების დროს, ისლამი მიიღო და დაერქვა "ხიდირბეგი", ხოლო მის შვილებსდა შთამომავლებს "ხიდირბეგიშვილები" ეწოდათ. 1630 წელს ისინი დაბრუნდნენ ქართლში და ქრისტიანულ სარწმუნოებაში, ხოლო 1879 წლის 15 ოქტომბერს მეფის ბრძანებით ხიდირბეგიშვილების გვარი შეიტანეს ტიფლისის გუბერნიის საგვარეულო წიგნის მე-V ნაწილში.

გაუმარჯოს ჩვენგულების აივნებს!

   1979 წელი, ტაგანკის თეატრის გასტროლები თბილისი. ერთ საღამოს ფარაჯანოვმა დაპატიჟა ვლადიმერ ვისოცკი, ალა დემიდოვა და სხვა მსახიობები თავისი ძველი მეგობრის "საქართველოს მთავარი ოქრომჭედლის" სახლში - ასე უწოდებდა სერგო თბილისის საიუველირო ქარხნის შეუცვლელ მხატვარსა და კინოფილმ "საიათ-ნოვას" კონსულტანტს ალბერტ ხიდირბეგიშვილს, რომლის წყალობითაც ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე ამ სახლის ინტერიერი XIX საუკუნიდან ხელუხლებლად შენარჩუნდა.

სუფრასთან, ამ გარემოებით აღტაცებულმა სტუმრებმა, საუბარი გააბეს თბილისის განუმეორებელ კოლორიტზე: ალბერტ, თბილისის მსგავსი არქიტექტურა არსად გვინახავს, განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენს ხის მაქმანიანი აივნები!”, - ამბობს ვისოცკი.

ეს იმიტომ, რომ ჩვენს ქალაქელებს უხსოვარი დროიდან აქვთ უზარმაზარი მიზიდულობა ერთმანეთთან ურთიერთობისკენ: ტიფლისელი მთელ ცხოვრებააივანზე ატარებდა, აქ იშლებოდა სუფრები, თანხმდებოდა ნიშნობები, თამაშობდნენ ნარდს, განიხილავდნენ ჭორებს. ალბათ ამიტომაც აშენებდნენ ასეთ აივნებს! ”- პასუხობს მას ხიდირბეგიშვილი.

მაშ შევსვათ ჩვენს გულებში აივნების სადღეგრძელო - რომ სტუმართმოყვარე თბილისელების მსგავსად არასდროს გაქრობოდეთ მეგობრობისდა ურთიერთობის სურვილი!”, - აწია სადღეგრძელო ვისოცკიმ.

შევავსოთ თასი შამპანურით...

   ყოველ ჯერზე, როდესაც თბილისის „დინამო“ რომელიმე თასს მოიგებდა, ის, პირველ რიგში, თბილისის საიუველირო ქარხნის მთავარ მხატვარ ალბერტ ხიდირბეგიშვილთან მიჰქონდათ, რომელიც საკუთარი ხელით ამოტვიფრავდა მასზე ჩვენი საფეხბურთო კლუბის დასახელებასა და თარიღს, როდესაც ის ჩემპიონი გახდა.

ალბერტ ხიდირბეგიშვილი იხსენებს:

   “სსრკ–ის თასი ორჯერ გვეწვია. 1979 წელს ჩემი საუკეთესო იუველირები კამათობდნენ: რამდენ ბოთლ შამპანურს დაიტევდა იგი? რადგან განსხვავებული მოსაზრებები არსებობდა, შამპანური მოვატანინე. აღმოჩნდა, რომ თასი თითქმის სამ ბოთლს იტევდა, მაგრამ საქმე ამით არ დასრულებულა - თითოეული ჩვენგანი, თასის შამპანურით ავსების შემდეგ წარმოთქვამდა სადღეგრძელოს "თბილისის დინამოს გაუმარჯოს!" და ცლიდა მას. ასე გაგრძელდა გვიან საღამომდე, სანამ ცენტრალური კომიტეტიდან არ დამირეკეს ...

   1981 წელს კი, როდესაც თასების მფლობელთა თასი მოვიგეთ, საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველმა მდივანმა ედუარდ შევარდნაძემ დამირეკა: "გიორგიევიჩ, დიუსელდორფში ბიჭებმა სიხარულისგან თასი ოდნავ დააზიანეს, ისე მოახერხე, რომ უეფა–მ ვერ შემჩნიოს!". მართლაც, ვერცხლის თასს მარჯვენა სახელური ნახევრად ჰქონდა მოწყვეტილი.

   რა პრობლემაა! გაკეთდა სახელურიც, წარწერაც და, რა თქმა უნდა, გავიმეირეთ რიტუალი შამპანურით - "თასების თასმა" დაახლოებით ოთხი ბოთლი დაიტია.

   სხვათა შორის, ერთი თვის შემდეგ ის მოსკოვმა წაიღო - აქაოდა, "საქართველო სსრკ–ის რესპუბლიკაა, „დინამოთბილისი კი საბჭოური საფეხბურთო გუნდია, ამიტომ მის მიერ მოგებული საერთაშორისო თასი საბჭოთა კავშირის დედაქალაქში უნდა ინახებოდეს!", - განუცხადა სუსლოვმა ედუარდ შევარდნაძეს.

ვისაც შარვალი აცვია, ულვაშებსაც უნდა ატარებდეს!

   მოსკოვი, საბჭოთა არმიის ცენტრალური სახლი (ЦДСА). აქ, მთავარ დარბაზში, წელიწადში ოთხჯერ, ტარდებოდა სსრკ-ის ყველა საიუველირო საწარმოს პროდუქციის გამოფენა. გამოფენაზე ფორმდებოდა მიწოდების ხელშეკრულებები მოკავშირე რესპუბლიკების სავაჭრო უწყებების ხელმძღვანელებს შორის და, როგორც წესი, მას სტუმრობდა საბჭოთა კავშირის მთელი უმაღლესი ხელმძღვანელობა. 1965 წლის მარტში პირველი მოვიდა სსრკ–ის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე ანასტას მიქოიანი.

თბილისის საიუველირო ქარხნის სტენდებთან მიახლოებისას, რომლებითაც იხსნებოდა გამოფენა და რომლებსაც, ტრადიციისამებრ, წარმოადგენდა ქარხნის მუდმივი მთავარი მხატვარი, საქართველოში საიუველირო მრეწველობის დამფუძნებელი ალბერტ ხიდირბეგიშვილი, ანასტას ივანეს ძემ თითით მიანიშნა მამაკაცის საათების მაშინდელ მოდურ ოქროს სამაჯურებზე და იკითხა: "ეს რაღაა?!"

ეს მამაკაცის საათების სამაჯურებია, ანასტას ივანოვიჩ!” - უპასუხა ხიდირბეგიშვილმა.

"ჩვენ მიჩვეულები ვართ, რომ ვისაც შარვალი აცვია, ულვაშებსაც უნდა ატარებდეს! – უაპელაციიოდ განაცხადა მიქოიანმა და თავად ხიდირბეგიშვილზე მიუთითა, რომელსაც ფუმფულა ულვაშები ჰქონდა, – ხოლო ის, ვინც ასეთ სამაჯურებს იკეთებს, უნდა ატარებდეს კაბას!“.

საპასუხოდ, მისმა მრავალრიცხოვანმა ამალამ ტაში დასცხო და როგორც კი სხვა რესპუბლიკების საიუველირო საწარმოების სტენდებისკენ გაემართნენ, სსრკ–ის ვაჭრობის მინისტრმა ხელით არაორაზროვანი ჟესტი გააკეთა -სამაჯურები სასწრაფოდ მოაშორეთო!

გაუმარჯოს ძვირფასს ლეონიდ ილიჩს!

   კვლავ მოსკოვი, ЦДСА, 1980 წელი. საკავშირო საიუველირო გამოფენას სსსკ–ის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივანი ლეონიდ ილიას ძე ბრეჟნევი ესტუმრა. თბილისის საიუველირო ქარხნის სტენდებს, რომელსაც, ასორტიმენტისა და გაყიდვების მიხედვით პირველი ადგილი უკავია ზედიზედ თხუთმეტი წლის განმავლობაში, როგორც ყოველთვის წარმოადგენდა ქარხნის მთავარი მხატვარი ალბერტ ხიდირბეგიშვილი.

ბრეჟნევის ყურადღება მიიპყრო ფსკერზე რუსთაველის ოქროს ბარელიეფიანმა ვერცხლის ფიალამ. ხიდირბეგიშვილი შეუმჩნევლად ანიშნებს ქართულ ეროვნულ საქორწილო სამოსში გამოწყობილ თავის სტენდ-ასისტენტებს - თბილისელ ლამაზმანებს და უცებ ... სტალინის საყვარელი "ხვანჭკარა"-ს ბოთლი ჩნდება! ალბერტ გიორგის ძემ ფიალა ღვინით ავსებს და ამავდროულად ბრეჟნევს თასზე გრავირებული სიტყვების - "ვინც მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია!" - მნიშვნელობას უხსნის. დასრულებისას კი, სადღეგრძელოს წარმოთქვამს: "გაუმარჯოს სიყვარულსა და იმ მიწას, რომელმაც რუსთაველი შვა - საქართველოს!", - და ფიალა გამოცალა.

შემდეგ ხისირბეგიშვილმა ფიალა კვლავ შეავსო, და ის–ის იყო უკვე მძიმედ დაავადებული ბრეჟნევისთვის საქართველოს სადღეგრძელოს შესმა უნდა შეეთავაზებინა, რომ უცებ, გენსეკის ზურგს უკან სსრკ-ს შინაგან საქმეთა მინისტრის ნიკოლაი შჩელოკოვი დაინახა, რომელიც მას მუშტს უღერებდა! ხიდირბეგიშვილმა არ დაიბნა - ქართველი თამადის ლამაზი ჟესტით ბრეჟნევისკენ გაწვდილი თასიანი ხელი უკან გაწია და ფიალას დაეწაფა სიტყვებით: "ამით კი თქვენი ჯანმრთელობისა იყოს, ძვირფასო ლეონიდ ილიჩ!".

ოჰ, შე ულვაშა, ოჰ, შე ქართველო! - ხუმრობით საყვედურობდა მერე ხიდირბეგიშვილს შჩელოკოვი, რომელიც მას კარგად იცნობდა, - ეს ვის დათრობას აპირებდი, ჰაა?!

პირველად გამოქვეყნდა 2008 წელს გაზეთში „მოსკოვი-თბილისი“.

გაგრძელება იქნება - გამოქვეყნდება ალბერტ ხიდირბეგიშვილის მოგონებები მისი ახლო მეგობრების - სერგო ფარაჯანოვისა და ანდრეი ტარკოვსკის, ვლადიმერ ეტუშისა და იური ნიკულინის, ვერიკო ანჯაფარიძისა და სოფიკო ჭიაურელის, ბელა ახმადულინასა და ევგენი ევტუშენკოს, ასევე სტალინთან, ჟუკოვსა და რომის პაპ იოანე პავლე მეორესთან შეხვედრების შესახებ .

ფოტოებზე: . . ხიდირბეგიშვილის საავტორო ნამუშევრები.