ამერიკელი სენატორების ვიზიტის მთავარ მიზანთან დაკავშირებით საქინფორმს განსხვავებული ინფორმაცია მიაწოდა „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა კახა კუკავამ, რომლის მონაცემებით, სენატორები საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავებული ებრაელი ბიზნესმენების – რონი ფუქსისა და ზეევ ფრენკიელის – გათავისუფლების საკითხზე აპირებენ საუბარს.
„ეს ინფორმაცია კერძო პირებმა მოგვაწოდეს, ამიტომ ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ, ზოგადად, ებრაელი ბიზნესმენების გათავისუფლების მიზნით ხელისუფლებაზე დიდი ზეწოლა ხორციელდება საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან და შესაძლოა, ფუქსისა და ფრენკიელის გვარები სააღდგომოდ შესაწყალებელ პატიმართა სიაშიც ვიხილოთ“, – განუცხადა კუკავამ საქინფორმს.
ოპოზიციონერი ლიდერის ინფორმაციის შესამოწმებლად საქინფორმი საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, თუმცა უწყებაში განუცხადეს, რომ ამ საკითხზე სამინისტრო კომენტარს არ გააკეთებს.