საქართველო, 26 ოქტომბერი, საქინფორმი. თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლები, რომელთა მონაცემებიც ოფიციალურად ფიქსირდება შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში, გადასატანი საარჩევნო ყუთის მომსახურებით მხოლოდ ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრისთვის მომართვის შემთხვევაში ისარგებლებენ.
გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნით ცენტრალური საარჩევნო კომისიის სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრს უკვე 900-მდე ამომრჩეველმა მიმართა, თუმცა ზარების გარკვეული რაოდენობა გადასატანი ყუთის სიაში შეყვანის კრიტერიუმებს არ შეესაბამებოდა, ნათქვამია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საარჩევნო კომისიის ცნობით, იმისათვის, რომ თვითიზოლაციაში მყოფმა იმ საქართველოს მოქალაქეებმა, რომელთა მონაცემებიც ოფიციალურად ფიქსირდება შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში, შეძლონ არჩევნებში მონაწილეობის მიღება, მეორე დღეა სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი მოქმედებს.
თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების ზარებს სატელეფონო ცენტრში დილის 10:00 საათიდან 22:00 საათამდე სპეციალურად გადამზადებული 25 ოპერატორი პასუხობს.
„თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების მაქსიმალურად ინფორმირების მიზნით, საარჩევნო ადმინისტრაციამ აწარმოა აქტიური საინფორმაციო კამპანია. ამ დრომდე, ცესკომ შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით რეგისტრირებულ 3000-მდე ამომრჩეველს გაუგზავნა სატელეფონო შეტყობინებები და გრძელდება სმს-ების დაგზავნის პროცესი აღნიშნულ ყველა მოქალაქესთან“, - ნათქვამია ცესკოს ინფორმაციაში.
ამასთან, როგორც რეგიონულ და ადგილობრივ მედიაში, ისე სოციალური ქსელების საშუალებით ვრცელდება საინფორმაციო ვიდეორგოლები თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების ინფორმირებისთვის.
საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას ასევე შეძლებენ სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული ამომრჩევლებიც.
31 ოქტომბრის არჩევნებზე ამ დაწესებულებებში გადასატან ყუთს სპეციალურად შექმნილი კომისიის წევრები მიიტანენ.
სპეციალურ ჯგუფების წევრებს ჩვეულებრივ საარჩევნო უბნებთან ფიზიკური კონტაქტი არ ექნებათ. ხმების დათვლა კი განხორციელდება ცალკე, სპეციალურად შექმნილ საარჩევნო უბნებში.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნებში მონაწილეობას იღებს 48 პარტია და 2 ბლოკი. ამომრჩევლებს მოუწევთ 150 დეპუტატის არჩევა – 120 აირჩევა პროპორციული სისტემით, ხოლო 30 – მაჟორიტარულით.
საქართველოში არჩევნები პანდემიის პირობებში პირველად ტარდება.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ 28431-ს მიაღწია. ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4112, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3766 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში- 2268 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.