საქართველოს სამხედრო უწყებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ჩატარებული საერთაშორისო სწავლება „ვიკინგი 2011“.
სწავლება საშტაბო დონეზე მიმდინარეობდა. მასში სამხედროებთან ერთად პოლიციისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მთავარი ყურადღება არასტაბილურ გარემოში თანამშრომლობასა და კოორდინაციას დაეთმო.
სწავლების ოფიციალურად დახურვის ცერემონიას დაესწრნენ თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ ხარშილაძე, გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე, ვიცე-პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე, საქართველოში აკრედიტებული ელჩები და სამხედრო ატაშეები.„საერთაშორისო სწავლებაში საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებთან ერთად ნატოსა და შვედეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. წვრთნებისას, ძირითადად, თანამშრომლობის ისეთი ასპექტები დაიხვეწა, როგორიცაა კრიზისების დროს სამოქალაქო-სამხედრო თანამშრომლობა და საერთაშორისო ძალებთან ურთიერთქმედება“, – განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.
„ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ქართველი სამხედროები არა მარტო სამხედრო საქმეს, არამედ სამოქალაქო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მექანიზმებს ითვისებენ. ჩემთვის, როგორც სამოქალაქო პირისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი იყო სწავლებაში ჰუმანიტარული და სამოქალაქო ასპექტების გამოყენება“, – განაცხადა ლიტვის ელჩმა იონას პასლაუსკასმა.
„ვიკინგი 2011“ სიმულაციური ქსელების დახმარებით ვირტუალურად – კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით, ჩატარდა. იგი სამშვიდობო და კრიზისებზე რეაგირების ოპერაციების დახვეწას ემსახურებოდა.
სწავლებისთვის სპეციალური პროგრამა შეიქმნა, რომლის მიხედვით, ვირტუალურ ქვეყანა „ბოგალანდში“ მიმდინარე მრავალეროვნულ სამშვიდობო ოპერაციაში ქართული ქვეითი ბრიგადა მონაწილეობდა. მისი მთავარი მიზანი ერთ-ერთ კუნძულ „გოტლანდზე“ სტაბილურობისა და მშვიდობის დამყარება იყო.
სცენარი მაქსიმალურად მიახლოებული იყო რეალობასთან – მოვლენები და ინციდენტები მიმდინარე კონფლიქტის (აფრიკა და ცენტრალური აზია) შესაბამისად ვითარდებოდა.
„ვიკინგი 2011“ საქართველო-ნატოს პროგრამის – „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ (NATO/PFP) – ფარგლებში ჩატარდა. სწავლებაში 24 ქვეყნის 2200 სამხედრო მოსამსახურე და სამოქალაქო პირი მონაწილეობდა. სწავლების მთავარი შტაბი შვედეთში იყო განთავსებული. ბრიგადის დონის შტაბები საქართველოში, ავსტრიაში, გერმანიაში, ირლანდიასა და უკრაინაში ფუნქციონირებდა.
სწავლებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ოპერატიული მომზადების სამმართველოს უფროსი, პოლკოვნიკი ზურაბ თომაური ხელმძღვანელობდა. მთავარი მრჩეველი შვედეთის წარმომადგენელი, მაიორი ტურბიონ იოჰანესონი იყო.
„ვიკინგი 2011“-ს მრჩევლების სტატუსით შვედეთისა და აშშ-ის შეიარაღებული ძალების ოფიცრები ესწრებოდნენ. სამეთაურო-საშტაბო სწავლებაზე მიწვეული იყვნენ საქართველოს საგარეო და შინაგან საქმეთა სამინისტროების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.
საქართველოში განლაგებულ შტაბში სულ 130 სამხედრო მოსამსახურე და სამოქალაქო პირი მონაწილეობდა.