აქტუალური
„სამართლიანმა არჩევნებმა“ წინასაარჩევნო მონიტორინგის მეხუთე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა

 საქართველო, 23 ოქტომბერი, საქინფორმი. არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) 22 ოქტომბერს წინასაარჩევნო მონიტორინგის მეხუთე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტი 29 სექტემბრიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს და მასში მთავარ გამოწვევებად ამომრჩევლებზე, აქტივისტებზე, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებსა და მედიის წარმომდგენლებზე განხორციელებული ზეწოლის, მუქარისა და საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტებია დასახელებული.

„სამართლიანმა არჩევნებმა“ საანგარიშო პერიოდში, შემდეგი დარღვევები გამოავლინა: სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ძალადობის 9 ფაქტი; სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა/მუქარის 37 ფაქტი; მედიაზე ზეწოლის 2 ფაქტი; დამკვირვებლის საქმიანობისთვის ხელის შეშლის 1 ფაქტი; ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის 10 ფაქტი; სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების 3; ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების 18 ფაქტი; არაუფლებამოსილი პირების საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის 16 ფაქტი; რელიგიური ორგანიზაციების მონაწილეობის 3 ფაქტი; საქველმოქმედო პროექტების 2 ფაქტი; სააგიტაციო მასალების დაზიანების შემთხვევები მთელ საქართველოში.

ორგანიზაცია შეშფოთებას გამოხატავს, 29 სექტემბერს მარნეულში მომხდარი დაპირისპირების გამო, რა დროსაც ჟურნალისტები და ოპერატორები დაშავდნენ. „სამართლიანი არჩევნები“ ანგარიშში „ტელეკომპანია პირველის“ დამფუძნებლის მამის, ავთანდილ წერეთლის მიმართ მუქარისა და ნიკა ლალიაშვილის მხრიდან ტელეკომპანია „მაესტროს“ თანამშრომლების სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის მცდელობაზეც ამახვილებს ყურადღებას.

„სამართლიანი არჩევნების“ განცხადებით, რეგიონებში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელების ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებისას, „ხშირად“ ქართული ოცნების აქტივისტები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანამშრომლები იქ მისულ მოქალაქეებს აღრიცხავენ, რაც „ზეწოლის ნიშნებს შეიცავს“. აღნიშნულის საილუსტრაციოდ ორგანიზაცია აცხადებს, რომ ოპოზიციის ადგილობრივი ორგანიზაციების თანამშრომლებმა და აქტივისტებმა იმ მოტივით, რომ მათ ცენტრალურ ან ადგილობრივ ხელისუფლებასთან პრობლემები შეექმნებოდათ, პარტიასთან თანამშრომლობის გაგრძელებაზე უარი თქვეს.

ორგანიზაციის თქმით, ცალკეულ შემთხვევებში, ადგილობრივ დონეზე „მოქალაქეების პოლიტიკური არჩევნის კონტროლის ფუნქცია“ კერძო საწარმოებსაც აქვთ შეთავსებული და აღნიშნავს, რომ მაგალითად, ჭიათურაში კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ თანამშრომლების პოლიტიკურ აქტივობებს მაღაროს უფროსი აკონტროლებს.

„სამართლიანი არჩევნები“ საარჩევნო კამპანიაში საარჩევნო კომისიის წევრების, საჯარო მოხელეებისა და სასულიერო პირების ჩართულობაზეც ამახვილებს ყურადღებას და ხაზს უსვამს, რომ აღნიშნული „კანონით აკრძალულია“.

ორგანიზაციის შეფასებით, „განსაკუთრებით შემაშფოთებელია“ საჯარო სკოლების პერსონალის, დირექტორებისა და მასწავლებლების პოლიტიკურ კამპანიაში ჩართვისა და ზეწოლის ბერკეტად სამსახურის შენარჩუნების გამოყენება.

დოკუმენტის თანახმად, 29 სექტემბერს „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს დედოფლისწყაროში ოპოზიციური პარტიის შეხვედრის მონიტორინგისას, საქმიანობაში ხელი უცნობმა პირებმა შეუშალეს, რაზეც გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარებს.

ანგარიშის მიხედვით, მას შემდეგ, რაც ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიად მოიხსენია, ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო კომისიის წევრები და მხარდამჭერები ზეწოლის ქვეშ არიან.