უცხოეთი
მედიის ინფორმაციით, ევროკავშირმა საქართველოს, კანადისა და ტუნისის „უსაფრთხო ქვეყნების სიიდან“ ამოღების გადაწყვეტილება მიიღო

 საქართველო, 23 ოქტომბერი, საქინფორმი. ევროკავშირი კანადის, საქართველოსა და ტუნისის ე.წ. „უსაფრთხო ქვეყნების სიიდან“ ამოღებას აპირებს, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ევროკავშირის ელჩებმა დღეს შეხვედრა გამართეს და „უსაფრთხო ქვეყნების სიიდან“ აღნიშნული სამი ქვეყნის ამოღების გადაწყვეტილება ამ ქვეყნებში კოვიდ 19-ის შემთხვევების მკვეთრი ზრდის გამო მიიღეს.

Reuters-ი ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით იუწყება, რომ გადაწყვეტილება ოფიციალურად კვირის ბოლოს ამოქმედდება, ვინაიდან, მას ბლოკის 27 ქვეყნიდან არცერთი არ ეწინააღმდეგება.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი „უსაფრთხო ქვეყნების სიაში“ სინგაპურის დამატებას აპირებს და ამის მიზეზი ქვეყანაში გაუმჯობესებული ეპიდსიტუაციაა.

შეგახსენებთ, უსაფრთხო ქვეყნების სიაში შემავალ ქვეყნებს ევროკავშირის ტერიტორიაზე შეზღუდვების გარეშე შესვლა შეუძლიათ. თავდაპირველად სია 15 ქვეყნისგან შედგებოდა.

interpressnews.ge