საქართველო, 22 ოქტომბერი, საქინფორმი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, მთელ მსოფლიოში ეპიდემიოლოგიური ვითარება თანდათან უარესდება. მისივე თქმით, სექტემბრის შუა რიცხვებიდან საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღაა დაწყებული და ჯერჯერობით, დაახლოებით ორ-სამ კვირამდე, ინფიცირების შემთხვევების კლება მოსალოდნელი არ არის.
„ეპიდსიტუაცია საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით ევროპის ქვეყნებში უარესდება. ვითარება რთულდება და ეს პროგნოზირებადი იყო. ნამდვილი, ეგრეთ წოდებული მეორე ტალღაა მსოფლიოში, მათ შორის ევროპაშიც. ჩვენ ბოლო ორი-სამი კვირის განმავლობაში კორონავირუსის შემთხვევების საკმაოდ ინტენსიური ზრდა გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ინფიცირების რაოდენობის მიხედვით ერთ სულ მოსახლეზე საკმაოდ დაბალი ნიშნული აქვს.
მოგეხსენებათ, სექტემბრის 15 რიცხვიდან, უფრო ადრეც, ეგრეთ წოდებულ მეორე ტალღაში შევედით, ამიტომ პირდაპირ გეუბნებით – შემთხვევების ზრდა იქნება. ინფიცირების მაჩვენებლის კლება უახლოესი ორი-სამი კვირის განმავლობაში ვერ მოხდება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.