ავტორის შესახებ: შალვა პეტრეს ძე ბრეუსი – ცელულოზა-ქაღალდის კომბინატი „ვოლგას“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, ცხოვრობს მოსკოვში, მისამართზე: სკატერტნი პერეულოკ №18.
დაიბადა 1957 წლის 1 ნოემბერს ქ. ბათუმში; 1981 წელს დაამთავრა მ. ვ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი სპეციალობით „საზღვარგარეთის ქვეყნების ეკონომიკა“, ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი; 1982-1989 წლებში იყო სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ასპირანტი, უმცროსი მეცნიერი თანამშრომელი; 1989-1991 წლებში – საბჭოურ-ავსტრიული ერთობლივი საწარმო „ტეკონის“ მოსკოვის ფილიალის დირექტორის მოადგილე კომერციულ საქმიანობაში; 1991-1992 წლებში – საბჭოურ-გერმანული ერთობლივი საწარმოს – „მარკეტინგი – XXI“ (ქ. მოსკოვი) – გენერალური დირექტორი; 1992-1993 წლებში - სააქციო საზოგადოება „ტრასტის“ (ქ. მოსკოვი) გენერალური დირექტორის მოადგილე კომერციულ საქმიანობაში; 1993-1994 წლებში – ინდივიდუალური კერძო დაწესებულება „ბიაროს“ (ქ. მოსკოვი) პრეზიდენტი; 1994-1995 წლებში – მოსკოვის დამოუკიდებელი სამაუწყებლო კორპორაცია „ტვ-6 მოსკვას“ პროგრამების წამყვანი; 1995-1998 წლებში – ღია ტიპის სააქციო საზოგადოება „ომპექსის“ კონსულტანტი (მოსკოვი) საინვესტიციო საქმიანობის საკითხებში; 1998-1999 წლებში – კრასნოიარსკის მხარის გუბერნატორის მოადგილე; რფ-ის მთავრობასთან არსებული კრასნოიარკის მხარის ადმინისტრაციის მუდმივი წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე; საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი წყალბურთში. 1998 წელს აქტიურად მონაწილეობდა კრასნოიარსკის მხარის გუბერნატორ ა. ლებედევის საარჩევნო კამპანიაში. კერძოდ, 1998 წლის მაისში კრასნოიარსკში ფრანგი მსახიობის – ალენ დელონის ჩამოსვლის ორგანიზატორი გახლდათ. ვიცე-გუბერნატორის პოსტზე კურირებდა ნორილსკის საწარმოო რაიონს და მხარის ადმინისტრაციის საგარეო ეკონომიკურ მოღვაწეობას. 2000 წლიდან 2003 წლის იანვრამდე რუსეთის ფედერაციის ქონებრივი ურთიერთობის მინისტრის მოადგილე იყო.ავტორია ლიტერატურული მინიატიურებისა, ნაბოკოვის პროზის თარგმანისა. არაერთხელ დაიბეჭდა ისეთ გამოცემებში, როგორიცაა „როდინა“, „ლიტერატურნოე ობოზრენიე“, „ნოვაია როსია“, „სიბირსკიე ოგნი“. ამჟამად გამომცემელია ჟურნალისა „არტხრონიკა“, რომელიც უნიკალურია იმ მხრივ, რომ მისი მასალები კლასიკური და თანამედროვე ხელოვნების შერწყმას წარმოადგენს და უაღრესად საინტერესოა როგორც დარგის მცოდნეების, ისე მოყვარულთათვისაც.
* * *
1890-იანების ტფილისი: მოკალმე შალიაპინი, შეგირდი პეშკოვი და მემუხრუჭე კონდუქტორი ფიროსმანი ერთად მუშაობდნენ. შეხვედრიან კი ერთმანეთს?
წვრილმანებში გულდასმით, სიყვარულითა და თითქმის უმიზნოდ ქექვა... არადა, სწორედ ამ ძველმანებისგან იშვება ყველაზე საინტერესო რამეები ამქვეყნად. ასე მაგალითად (რისთვის, ნეტავ?), კონდუქტორი ფიროსმანი ვაგონის მინებზე დაისის შუქის ანარეკლს უცქერდა. მუშა ალექსეი პეშკოვი ტფილისელი ავარების საუბრებს უსმენდა. თითქმის, ასევე, ლიტერატორი, მთარგმნელი, ჟურნალ „არტხრონიკის“ გამომცემელი შალვა ბრეუსი საქართველოს ისტორიის ნამსხვრევებს აკოწიწებდა.
და პოულობდა კიდეც – გასაოცრად ცოცხალ და თბილ „უჩვეულო დაახლოებებს“. ისინი ფანტასტიკად მოჩანს. თუმცა სწორედ ყველაზე წარმოუდგენელი სიუჟეტები (როგორც ძველ ტფილისს შეშვენის!) რეალობა აღმოჩნდება ხოლმე, ხოლო ამიერკავკასიის რკინიგზა მებიუსის ლენტივით იხლართება, რვიანის მსგავსად – მარადისობის ნიშნად.
ამიერკავკასიის სარკინიგზო გზის ისტორია დასაბამს 1872 წელს ფოთი-ტფილისის ხაზზე მოძრაობის საზეიმო გახსნიდან იღებს.
საინტერესო დრო იყო. ბოლოს და ბოლოს, დასრულდა 50 წელზე მეტხანს გაგრძელებული კავკასიის ომი. შამილის სიკვდილიდან ერთი წელი თუ იყო გასული. კავკასიაში უწინდებურად ვაჭრობდნენ ადამიანებით, ხოლო ტყეებში აბრაგები დათარეშობენ. თუმცა ისტორიას ვერ შეაჩერებ. ბაქოს ნავთობი ზღვისკენ გასასვლელს ეძებს. სადაცაა თურქეთთან სისხლისმღვრელი ომი დაიწყება. რუსეთის იმპერიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, სარკინიგზო გზების ფოლადის კარკასად ერთ მუშტად შეკრას კავკასია.
1883 წელს იგება ბაქო-ტფილისი-ბათუმის მონაკვეთები. მის კვალდაკვალ, 1894 წელს, ამუშავდება მიხაილოვო-ბორჯომის, შემდეგ კი ტფილისი-ყარსის მონაკვეთებიც.
თუმცა გვერდზე გადავდოთ მშრალი სტატისტიკა. მაზუთის სუნით გაჟღენთილი მთელი ეს თავსამტვრევი ციფრები, ფულადი და სატვირთო ნაკადების რთული განტოლებები არქივშია შემონახული.
ჩვენთვის კი სხვაგვარი ცნობები უფრო მნიშვნელოვანია.
სწორედ კავკასიის სარკინიგზო გზაზე, ტფილისის მთავარ სარკინიგზო საამქროებში, 1892 წლის ზაფხულში მომნიშნავად მუშაობდა ვინმე პეშკოვი, 20 წლისა. მომავალი პროლეტარი მწერალი სამმართველოს მოანგარიშე ალექსანდრე კალუჟნისთან ცხოვრობდა.
იქვე, ტფილისში, გასართობ ბაღში, სადაც პუბლიკა ღის სცენაზე გამოსულ არტისტთა მოსასმენად დაიარებოდა, აყლაყუდა, გამუდმებული შიმშილისგან გაძვალტყავებული ავარა ლუკმაპურის მოსაპოვებლად ანეკდოტებით ართობდა რესტორნის სტუმრებს. ამ საქმიანობისას გაიცნო ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოს მუშაკები და ერთხელ ბაღში მორიგ სუფრასთან თავისი აწეწილი ცხოვრების შესახებ მოუთხრო. და ჰოი საკვირველებავ! მისმა მონათხრობმა თანაგრძნობა გამოიწვია.
მსმენელებმა, რომლებმაც გაარკვიეს, რომ ის განათლებული კაცი იყო და „საკანცელარიო სამუშაოსაც“ იცნობდა, შესთავაზეს, თხოვნით მიემართა რკინიგზის ბუღალტრისთვის (სავარაუდოდ, იმავე სუფრასთან, გვარიანად შეზარხოშებულისთვის). თხოვნა დაიწერა და გუშინდელი ავარა ამიერკავკასიის სარკინიგზო გზების სამმართველოს მოკალმედ იქცა, თვეში 30 მანეთის ჯამაგირით. თუმცაღა, რკინიგზაზე მისი კარიერა არ აეწყო და იძულებული შეიქნა, პროფესია შეეცვალა.
ავარას თეოდორ შალიაპინი ერქვა.
ამავე დროს, სწორედ ამიერკავკასიის სარკინიგზო გზებზე 1890 წლის 17 აპრილს სატვირთო ვაგონების მემუხრუჭე კონდუქტორად მოეწყო კიდევ ერთი უიღბლო კაცი:
„ხელწერილს ვუდებ ამიერკავკასიის სარკინიგზო გზების სამმართველოს მასზედ, რომ ჩემი მოვალეობის განმმარტებელი ინსტრუქცია მივიღე; ამასთან, ამიხსნეს თითოეული პუნქტი, რომლებიც გავიგე და ჩემს თავზე ვიღებ, განუხრელად შევასრულო მასში გადმოცემული ყველა წესი. ასევე, ვივალდებულე, დავემორჩილო ფულად ჯარიმებს სამსახურში, რომლებსაც რკინიგზის ხელმძღვანელობა დამიწესებს.
კონდუქტორი ნიკოლოზ ფიროსმანაშვილი, 1890 წლის 17 აპრილი“.
ამგვარად, გამორიცხული არ არის, რომ რიგი საკანცელარიო დოკუმენტებისა, რომლებიც ფიროსმანაშვილს ეხებოდა, შალიაპინის ხელით იყოს დაწერილი. დასაშვებია, ისინი ერთმანეთს შეხვდნენ კიდეც.
1891 წლის ზაფხულში შალიაპინი ბაქოში აღმოჩნდა. ჯგუფი, რომელთან ერთადაც ჩამოვიდა, გაემგზავრა და ის სრულებით მარტო დარჩა უცხო ქალაქში სამსახურისა და ჭერის გარეშე. შიმშილობდა. თანაც, იმხანად ქოლერის ეპიდემია მძვინვარებდა. ხალხი პირდაპირ ქუჩებში იხოცებოდა. ასეთ მძიმე, თითქოსდა გამოუვალ სიტუაციაში, მოულოდნელად ბედმა გაუღიმა – ქუჩაში ოთხი ორგრივნიანი იპოვა. ჯერ ქაბაბით დანაყრდა, შემდეგ კი რკინიგზის ვაგზლისკენ გაეშურა და კონდუქტორს თბილისში ჩაყვანა სთხოვა. კონდუქტორი კეთილი კაცი აღმოჩნდა და სულ 30 კაპიკად წაიყვანა.
ბაქოდან თბილისამდე შალიაპინმა სატვირთო ვაგონის სამუხრუჭე ბაქანზე მყოფმა იმგზავრა. საინტერესოა, ვინ იყო ეს უცნობი კონდუქტორი, ეს კეთილი „ბიჭი“? იმ დროს ხომ მატარებელი ბევრი არ იყო და იშვიათადაც დადიოდნენ, ხოლო ნიკო ფიროსმანაშვილი არაერთხელ დაუჯარიმებიათ უბილეთო ხალხის მგზავრობისთვის...
შეხვედრის კიდევ ერთი სავარაუდო ადგილი ტფილისში სამმართველოს საავადმყოფო შეიძლებოდა ყოფილიყო. მეისრე კონდუქტორები ზამთარ-ზაფხულ გადაუხურავ ღია ბაქნებზე იდგნენ ქარის, მზისა და წვიმის ქვეშ. ფიროსმანაშვილი ხშირად ავადმყოფობდა, სამსახურიდან დათხოვნამდე კი ჯანმრთელობის შერყევისათვის ფულადი კომპენსაციის მიღებას ცდილობდა. ბოლოს კი მიაფურთხა შემწეობასა და სამსახურს და 1893 წლის 30 დეკემბერს სამსახურიდან განთავისუფლდა.
შალიაპინი სამმართველოს საავადმყოფოში დიფტერიტს მკურნალობდა. თუმცა იქ მცირეხანს დაჰყო და მალე, როგორც ეს ვოლჟსკელ ავარას შეეფერება, ფანჯრიდან გადახტა და გაიქცა.
ერთობ უჩვეულო რკინიგზაა, სადაც კონდუქტორად ფიროსმანი მუშაობს, მოკალმედ – შალიაპინი, ხოლო შეგირდად – გორკი...
შალიაპინს საკანცელარიო მუშაობის არავითარი გამოცდილება არ ჰქონდა.
ფიროსმანს სახეზე ეწერა, რომ უხეირო კონდუქტორი იყო. ტყუილად კი არ აჭრელდა მისი სამსახურებრივი ნუსხა საყვედურებითა და ჯარიმებით: „უბილეთო მგზავრის წაყვანისთვის – 3 მანეთი“, „მთავარი კონდუქტორის დაუმორჩილებლობისთვის – 3 მანეთი“, „მორიგის ბრძანების შეუსრულებლობისთვის – 3 მანეთი“, „მატარებელში გამოუცხადებლობისთვის – 2 მანეთი“ და ა. შ.
სარკინიგზო საამქროების მუშაკად პეშკოვის გამოსადეგობაც ერთობ საეჭვო იყო.
თუმცაღა შალიაპინმა ამ სამსახურის წყალობით ამოისუნთქა, ტფილისში დარჩა და პირველად თავის სიცოცხლეში მუსიკის გაკვეთილები პროფესიონალი პედაგოგის – სიმღერის პროფესორისგან აიღო.
გორკიმ თავისი პირველი მოთხრობა „მაკარ ჩუდრა“ და პოემა „ქალიშვილი და სიკვდილი“ აქ დაწერა. „მაკარ ჩუდრა“ გაზეთ „კავკასიაში“ დაიბეჭდა (მწერლის პირველი პუბლიკაცია!) კალუჟნის დახმარებით, რომელმაც ავტორს რეკომენდაცია გაუწია თავის მეგობართან, ჟურნალის თანამშრომელ მარევთან. როგორც ჩანს, რკინიგზის მოკრძალებული მოანგარიშის როლი დიდი პროლეტარი მწერლის შემოქმედებითი ბედის წარმართვაში ამ ერთი რეკომენდაციით არ შემოფარგლულა. წიგნში „მაქსიმ გორკის ცხოვრება და თავგადასავალი“ ი. გრუზდევი წერს:
„კალუჟნი ადგა, მას (გორკის) მხრებზე ხელი მოხვია და სხვა ოთახში გაიყვანა. შიგნით უბიძგა და კარი მიუკეტა.
– მანდ, მაგიდაზე, ფურცელია, – უთხრა კარს მიღმა გაოცებულ ალიოშას, – დაწერეთ, რაც მიამბეთ. სანამ არ დაწერთ, არ გამოგიშვებთ“.
თავად კალუჟნი ირწმუნებოდა, რომ ამგვარი არაფერი მომხდარა, თუმცა უკვე სახელმოხვეჭილი გორკი მას სწერდა:
„ჩემო ძვირფასო მეგობარო და მასწავლებელო ალექსანდრე მეფოდის ძევ!
თქვენ პირველმა... შემომხედეთ როგორც არა მარტო უცნაურბიოგრაფიიან უბრალო ბიჭს, უმიზნო მაწანწალას, რაღაც თავშესაქცევს...
თქვენ პირველმა... მაიძულეთ, საკუთარი თავისთვის სერიოზულად შემეხედა.
თქვენს ბიძგს უნდა ვუმადლოდე, რომ აგერ უკვე 30 წელია, პატიოსნად ვემსახურები რუსულ ხელოვნებას...“
ფიროსმანი მუშაობისას გაეცნო და დაუმეგობრდა ახალ ადამიანებს, ძირითადად, რკინიგზის მუშაკებსა და მოსამსახურეებს. ურთიერთობდა მათთან სამსახურის შემდეგაც, ხშირად ხატავდა. ჩვენამდე მოაღწია „რკინიგზელის პორტრეტმა“ (მიშა მეტეხელი). მოგონებებითაა ცნობილი „ორი მეგობრის პორტრეტი – რკინიგზელი მუშები“, რომელიც ეკიდა სატრაქტირო დაწესებულება „ვარიაგში“, და რკინიგზის უფროსის, ვინმე ყიფიანის, პორტრეტი.
სატვირთო ვაგონის სამუხრუჭე ბაქნიდან ფიროსმანაშვილმა ამიერკავკასიის სხვადასხვა კუთხე იხილა – ბათუმი, მიხაილოვო (ხაშური), ელიზავეტოპოლი (განჯა)... და ეს მის შემოქმედებაზეც აისახა. შემთხვევით როდი გამოჩნდა მთვარის შუქით მოფენილ დაბლობზე „კახეთის მატარებელი“.
არც ვაგზალი, არც ბაქანი, რელსებიც კი არ მოჩანს. უბრალოდ, მატარებელი დგას მინდორზე, ალაზნის ლენტი, ღამეული მთები... მგზავრთა კონტურები ფანჯრებში. გლეხი რაღაც ნუგბარის გაყიდვას ჩქარობს.
„ბათუმი“ – სათამაშო ხომალდებით სავსე უბე, მთებზე მიხუტებული ქალაქი, გვირაბიდან მატარებელი გამოდის, ორთქლმავალი ქშინავს და კვამლს უშვებს... სადღაც, ტილოს მიღმა მიექანება, რელსები დროის მდინარებას მიჰყვება, გაიელვებს სადგურის ბაქნები და იცვლებიან მგზავრები...
გაჩერება. ვაგზლის ბუფეტში დიდებულის უტიფრობით ახალგაზრდა ოფიცერი იარაღს ისვრის. ვაგონის ფანჯარაში ნორჩი სატრფო მოჩანს, შიშით დაზაფრულ გულს ქვემოთ მის შვილს რომ ატარებს. საბედისწერო გასროლა. ოფიცერი უსულოდ ეცემა, უბედური დედა კი მშობიარობისას იღუპება. „არ დაიდარდო“, მკითხველო, – ბავშვი არ დაობლდება. მას აღზრდის და სწორ გზაზე დააყენებს სახელგანთქმული ექიმი ღლონტი, მეტსახელად – ბუბა.
სამტრედიის სადგური. მოხუცი ვარლამი მხარზე შემომჯდარი უცნაური ფრინველით ბაქანზე დაიარება. ჩიტი მილივით დაგრაგნილ ბარათებს იღებს, რომელთა საშუალებითაც შაურად გაიგებ საკუთარ ბედისწერას. მოხუცის ცოლი დასკინტლულ სარკინიგზო გზას ქლორით წმენდს. რკინიგზა მათ შიმშილით სიკვდილის საშუალებას არ აძლევს, ერთმანეთი უყვართ, ხოლო ჩიტი, დედაბრისთვის ფულს რომ იპარავს სახელმწიფო ბანკიდან და ციხეში მეგობრების გამო ხვდება, სიკვდილამდე მათი ერთგულია.
მატარებელი კი მიქრის და მიქრის... სამუხრუჭე ბაქანზე მოაჯირზე ჩამოყრდნობილი ფიროსმანი დგას. გორკი, რა თქმა უნდა, ორთქლმავლის მემანქანეებთან გადამჯდარა. შალიაპინი მარტო ზის და ვერცხლის ფინჯნიდან ჩაის მიირთმევს. გაბრიაძე და დანელია ქვების რახარუხით დომინოს თამაშობენ და რაღაცაზე ბაასობენ...
ერთ მშვენიერ დღეს მატარებელი (მგზავრები ვერცკი შეამჩნევენ!) გიგანტურ მოსახვევში ნარნარად მობრუნდება და ბათუმის გვირაბში გაუჩინარდება. გარკვეულ ხანს სიჩუმეს მამაკაცის ხმა დაარღვევს, „ფაუსტის“ არიას რომ მღერის. შემდეგ სიმღერა სუბტროპიკებით გაჟღენთილ ჰაერში ჩაიკარგება. მასთან ერთად გაუჩინარდება მთელი სურათი. მის კვალდაკვალ კი ოდესმე ჩვენც გავქრებით და გავუჩინარდებით...
და მაინც, არაჩვეულებრივი ხალხი მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზაზე!
მოსკოვი, 2006 წლის 13 მარტი
(თარგმნილია საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ მიერ)