საქართველო, 22 ოქტომბერი, საქინფორმი. „რადიო მარნეულის“ ინფორმაციით, აზერბაიჯანის ნავთობის სახელმწიფო კომპანიის „სოკარის“ პრეზიდენტი როვნაგ აბდულაევი და მარნულისა და გარდაბნის ოლქში ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი ზაურ დარგალი სხვა თანმხლებ პირებთან ერთად მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ილმაზლოში ჩავიდნენ და ადგილობრივებს შეხვდნენ.
„რადიო მარნეულის“ ცნობით, შეხვედრაზე, რომელიც იმ მილსადენის მშენებლობას უკავშირდება, რომლითაც ადგილობრივები გაზით მომარეგდებიან, „სოკარის“ პრეზიდენტმა საქართველოს მთავრობა თანამშრომლობისა და ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფლებში მსგავსი ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის შეაქო.
ამავე ინფორმაციით, „სოკარის“ პრეზიდენტმა საუბრისას საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების საზოგადოებაში ინტეგრაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ სოკარი ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობისთვის ქართული ენის შესწავლის წახალისებასა და სტუდენტების სწავლის საფასურის დაფინანსებას სწორედ საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერით ახორციელებს. „უკვე 6-7 წელია, რაც ჩვენ ადგილობრივ სტუდენტებს ვეხმარებით“, – თქვა მანვე.
„რადიო მარნეულის“ ცნობით, ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატმა როვნაგ აბდულაევს და აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს სოფლის გაზით მომარაგებისთვის მადლობა გადაუხადა.
ამავე ინფორმაციით, როვნაგ აბდულაევმა 20 ოქტომბერს კახეთის რეგიონში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ახალი საბავშო ბაღის მშენებლობისთვის საფუძველის ჩაყრის ცერემონიალშიც მიიღო მონაწილეობა.