საზოგადოება
ევროპარლამენტი საქართველოში საარჩევნო სადამკვირვებლო მისიას არ გამოგზავნის

 საქართველო, 21 ოქტომბერი, საქინფორმი. ევროპარლამენტი საქართველოში საარჩევნო სადამკვირვებლო მისიას არ გამოაგზავნის. საქართველოში ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნის საკითხის განხილვის ინიციატორი “სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი”, კერძოდ ევროპარლამენტარი სვენ მიქსერი იყო. აღნიშნული საკითხი ევროპარლამენტის პრეზიდენტების პარტიულ კონფერენციაზე 15 ოქტომბერს უნდა განეხილათ, თუმცა საკითხი საბოლოო დღის წესრიგიდან ამოიღეს. გადაწყვეტილების მიზეზი დავიდ სასოლის წერილს უკავშირდება, სადაც ევროპარლამენტის პრეზიდენტი ევროპარლამენტარებს იმ რეგულაციებს აცნობს, რომლის მიხედვითაც, კორონავირუსის პანდემიის გამო ევროპარლამენტის რიგი სახის აქტივობები აღარ უნდა განხორციელდეს ან დროებით დაპაუზდეს. წერილში, რომელიც Euractiv-მა მოიპოვა, აღნიშნულია, რომ საარჩევნო სადამკვირვებლო დელეგაციების აქტივობები დროებით შეჩერებულ უნდა იქნას.

შეგახსენებთ, რომ გასულ სექტემბერს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, ევროპარლამენტის პრეზიდენტს წერილით მიმართა, რათა მას საქართველოში სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნისთვის მხარი დაეჭირა.