პოლიტიკა
ანრი ოხანაშვილი - “ქართული ოცნების“ ინტერესშია, რაც შეიძლება მეტი უცხოელი დამკვირვებლის ჩამოსვლა, რათა ნახონ, როგორ აწყობენ პროვოკაციას რადიკალური ჯგუფები

 საქართველო, 21 ოქტომბერი, საქინფორმი. ხელისუფლებისათვის მნიშვნელოვანია და სწორედ “ქართული ოცნების“ ინტერესშია, საქართველოში რაც შეიძლება მეტი უცხოელი დამკვირვებლის ჩამოსვლა, რათა ნახონ, თუ როგორია რადიკალური ჯგუფების განწყობები, დამოკიდებულება, როგორ პროვოკაციას აწყობენ და როგორ ძალადობენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა განუცხადა.

კითხვაზე, თუ რატომ თქვა ევროპარლამენტმა საქართველოში საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნაზე უარი, ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ ამ პერიოდში არჩევნები მხოლოდ საქართველოში არ ტარდება, არჩევნები დაგეგმილია ბევრ სხვა ქვეყანა და ევროპარლამენტის შესაბამისი ორგანიზაციების გადასაწყვეტია, როგორი წარმომადგენლებით იქნებიან წარმოდგენილნი.

ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ შესაბამისი ჯგუფები ყოფილიყვნენ წარმოდგენილი ხელისუფლება ყველა ზომას იღებს, რათა საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებლებმა მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოში შეძლონ საარჩევნო პროცესის მონიტორინგი“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, ევროპარლამენტი საქართველოში საარჩევნო სადამკვირვებლო მისიას არ გამოაგზავნის. საქართველოში ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნის საკითხის განხილვის ინიციატორი “სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი”, კერძოდ ევროპარლამენტარი სვენ მიქსერი იყო.

აღნიშნული საკითხი ევროპარლამენტის პრეზიდენტების პარტიულ კონფერენციაზე 15 ოქტომბერს უნდა განეხილათ, თუმცა საკითხი საბოლოო დღის წესრიგიდან ამოიღეს. გადაწყვეტილების მიზეზი დავიდ სასოლის წერილს უკავშირდება, სადაც ევროპარლამენტის პრეზიდენტი, ევროპარლამენტარებს იმ რეგულაციებს აცნობს, რომლის მიხედვითაც, კორონავირუსის პანდემიის გამო ევროპარლამენტის რიგი სახის აქტივობები აღარ უნდა განხორციელდეს ან დროებით დაპაუზდეს. წერილში, რომელიც Euractiv-მა მოიპოვა, აღნიშნულია, რომ საარჩევნო სადამკვირვებლო დელეგაციების აქტივობები დროებით შეჩერებულ უნდა იქნას.

შეგახსენებთ, რომ გასულ სექტემბერს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, ევროპარლამენტის პრეზიდენტს წერილით მიმართა, რათა მას საქართველოში სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნისთვის მხარი დაეჭირა.