პოლიტიკა
ბურჯანაძემ გადაუსვა ხაზი ყველა პოლიტიკურ ბონუსს, რაც მას პუტინმა მასთან შეხვედრით მისცა! - საქინფორმი

 საქართველო, 21 ოქტომბერი, საქინფორმი. წინა სტატიაში ნინო ბურჯანაძის ურცხვ მეტამორფოზას შევეხეთ, როდესაც პროდასავლურმა სააკაშვილის დასაყრდენმა - პარლამენტის თავმჯდომარე ბურჯანაძემ ოპოზიციაში წასვლა ამჯობინა და საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციაში პრიორიტეტები ძირეულად შეცვალა - პროდასავლურიდან პრორუსულად მოგვევლინა, ახლახანს კი ისევ რუსოფობების ბანაკში გადაბარგდა.

ქალბატონი ნინო თავად ამტკიცებს, რომ მას პრიორიტეტები არ შეუცვლია და სააკაშისტურ ოპოზიციას ტაქტიკური მოსაზრებებით, მხოლოდ წინასაარჩევნო ვითარებაში, მიეკედლა. იგი იმასაც ამბობს, რომ არის არაპროდასავლური ან პრორუსული, არამედ პროქართული პოლიტიკის გამტარებელი. მაგრამ ეს ხომ ისედაც იგულისხმება - ქართველი პოლიტიკოსი საქართველოს ინტერესებით უნდა ხელმძღვანელობდეს და ეს ინტერესები, შეიძლება, განხორციელებადი იყოს იმ შემთხვევაში, თუკი ქვეყნის საგარეო პოლიტიკა დასავლეთზე იქნება ორიენტირებული („პროდასავლური“) ან, შესაბამისად, რუსეთზე („პრორუსული“). მარტივია ამის გაგება, რომ „პრორუსული პოლიტიკა“ ერთგვარი სამუშაო ტერმინია და იგი არ ნიშნავს „რუსულ, რუსეთის პოლიტიკას“; მაგრამ ნინო ბურჯანაძესაც ისევე არ ესმის ეს ელემენტარულიჭეშმარიტება, როგორც ქართველი პოლიტიკოსების დიდ უმრავლესობას.

რაც შეეხება იმ ოპოზიციურ პარტიებთან თუნდაც „ტაქტიკურ“ გაერთიანებას, რომლებთანაც ბურჯანაძეს თითქოს ომი ჰქონდა გამოცხადებული და მათ კრიმინალებად განიხილავდა, მხოლოდ ქ-ნი ნინოს უპრინციპობაზე და პოლიტიკურ სიბეცეზე მიუთითებს. პარლამენტის ექს-სპიკერმა ხელიდან გაუშვა თავისი ორი მთავარი კოზირი - რუსეთთან მოლაპარაკებების წარმმართველი ძალისა და „ნაციონალური მოძრაობის“ დამასრულებლის იმიჯი. მისი ელექტორატი ამ საკითხებში შეუვალი ადამიანებისგან შედგებოდა, ამომრჩეველს ბურჯანაძე სწორედ იმიტომ მოსწონდა, რომ საქართველოს პოლიტიკურ არენაზე გამარჯვების შემთხვევაში იგი აპირებდა „ნაცმოძრაობის“ უპირობო დასრულებას, როგორც კრიმინალური წარსულის მქონე ორგანიზაციისას და რუსეთის მიმართ თამამი და მომგებიანი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმას. ახლა არც ერთ და არც მეორე საკითხში ნინო ბურჯანაძეს არაფერი დაეჯერება, დღესდღეობით მას ყველაზე უფრო გულუბრყვილო ადამიანიც არ ენდობა.

გამოდის, რომ ბურჯანაძე შეცდა. როგორც ჩანს, იგი ვერ აცნობიერებს, რამხელა შეცდომა დაუშვა, მის უპრინციპობაზე რომ აღარაფერი ვთქვა. თუმცა რაღაცას ალბათ მაინც ხვდება და შალიკო ნათელაშვილივით ღიად არ ლანძღავს რუსეთს - თუმცა ნათელაშვილივით გაბოროტებულია, ვინაიდან რუსეთიდან მან ვერ მიიღო ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერა.

დღეს უკვე ვერავინ დაიჯერებს, რომ ბურჯანაძეს რაიმე მანდატი აქვს მოსკოვის ისტებლიშმენტისგან მიღებული, აწარმოოს მოლაპარაკებები რაიმე თემაზე რუსულ-ქართულ ურთიერთობებში, მითუმეტეს, ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიც ტერიტორიული და კონფლიქტური საკითხებია. ბურჯანაძეს ასეთი ნდობა და მანდატი არც აქამდე ჰქონია და არც ახლა აქვს. გასული წლის მიწურულს მოსკოვში ვიზიტი, იქაურ რამდენიმე ჩინოვნიკთან შეხვედრა და საუბრები - მისი პირადი ინიციატივა იყო. ქალბატონ ნინოს სურდა, რომ ქართული პუბლიკა თავის „ძალასა და გამოცდილებაში“ დაერწმუნებინა, მას რატომღაც ეგონა, რომ „ვაჟა ექიმის“ საქმეს თვითონ მოაგვარებდა და მოსკოვი ჩაერეოდა მისი მოთხოვნი სსაფუძველზე. ამით ბურჯანაძე პოლიტიკურ დივიდენდებს მოიპოვებდა.

მაგრამ, როგორც ვიცით, ბურჯანაძის ეს ამბიციები დაუსაბუთებელი აღმოჩნდა. „ვაჟა ექიმის“ ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლების საფუძველი ბიბილოვისადმი მისი წერილი გახდა ანუ ცხინვალის ხელისუფლებამ მიიღო ის, რაც უნდოდა - პოლიტიზირებული ექიმის აღიარება, რომელიც კონფლიქტის ზონაში პროვოკაციის მიზნით გადავიდა.

სამწუხაროდ, ნინო ბურჯანაძემ თავისსავე ნაშრომს ხაზი გადაუსვა - ის პოლიტიკური ბონუსები, რაც მას მასთან შეხვედრით ვლ. პუტინმა მისცა, ამ ქალბატონმა ბოლომდე გაანიავა. ახლა იგი ცდილობს, ახალ სოროსულ ტალღას ზემოდან მოექცეს და ყველას თვალებში ნაცარი შეაყაროს, მაგრამ არაფერი გამოუვა.

გრიგოლ რაზმაძე - სპეციალურად საქინფორმისთვის