საქართველო, 21 ოქტომბერი, საქინფორმი. „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი“ (NDI) მეორე წინასაარჩევნო ბიულეტენს აქვეყნებს. ორგანიზაციის ცნობით, დოკუმენტი ეყრდნობა რვა საერთაშორისო ექსპერტისგან შემდგარი გუნდის ანალიზს, რომლებიც საქართველოში მყოფი თანაშემწეების დახმარებით, საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობას, წინასაარჩევნო კამპანიებს, პოლიტიკაში გენდერულ თანასწორობას და ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების ჩართულობას, მედიას და დეზინფორმაციას და საარჩევნო პროცესებზე „კოვიდ-19“-ის გავლენას ადევნებენ თვალს. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ თანდართული ბიულეტენი.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, „საქართველოს მედია გარემო რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი და მრავალფეროვანი, თუმცა მეტად პოლარიზებულია, რაც, შესაძლოა, მოქალაქეთა მიერ ინფორმირებული საარჩევნო გადაწყვეტილების მიღებაზე ახდენდეს გავლენას“.
აქვე ნათქვამია, რომ NDI-ის 2019 წლის დეკემბრის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების თანახმად, რესპონდენტთა 69 პროცენტმა განაცხადა, რომ ახალ ამბებს, ძირითადად, ტელევიზიის საშუალებით იგებენ.
„თუმცა იმავე გამოკითხვის თანახმად, მხოლოდ 32-მა პროცენტმა მიიჩნია, რომ ქართული სატელევიზიო მედია მიუკერძოებლად აშუქებს მოვლენებს. არჩევნების დროს, პარტიებისთვის ტრადიციული მედია, განსაკუთრებით კი ტელევიზია, რეკლამების განთავსების მთავარ წყაროდ რჩება. მაშინ, როდესაც მოქალაქეებისთვის არჩევნებისა და პოლიტიკური მოვლენების შესახებ რეგულარული და სანდო ინფორმაციის მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ჟურნალისტების საქმიანობაში ჩარევის შესახებ ბოლოდროინდელი ცნობები შეშფოთებას იწვევს; მათ შორისაა ისეთი ინციდენტები, როგორიცაა: საპროტესტო აქცია, რომლის გამოც პანკისში რადიოსადგური იძულებული გახდა დროებით შეეწყვიტა მაუწყებლობა; ბოლნისში ჟურნალისტის სიცოცხლის ხელყოფის მუქარა; ორი ძალადობრივი დაპირისპირება მარნეულში, რომლის დროსაც რეპორტიორიები და გადამღები ჯგუფის წევრები დაშავდნენ. მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები შეშფოთებით აღნიშნავენ, რომ წარსულში მსგავსი ინციდენტების გამოძიება მიკერძოებულად წარიმართა. ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე, ტრადიციული მედია (ტელევიზია, რადიო და ბეჭდური მედია) პოლიტიკური პარტიების მონაწილეობით ეროვნულ და ადგილობრივ დებატებს და გადაცემებს აწყობდნენ. თუმცა, მედიის ბევრი წარმომადგენელი აცხადებს, რომ დებატებში „ქართული ოცნების“ მონაწილეობის უზრუნველყოფა რთული იყო. მიუხედავად იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებრივ მაუწყებელზე 15 ოქტომბერს გამართულ დებატებში მონაწილეობა მიიღო, როგორც ეროვნული, ასევე რეგიონული მედია საშუალებების უმეტესობა – განსაკუთრებით კი ისინი, რომლებსაც ოპოზიციურად ან ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილად მიიჩნევენ – აცხადებს, რომ მმართველმა პარტიამ თავიდან აირიდა ან სრულიად უგულებელყო მათ გადაცემებში მონაწილეობა.
NDI-ისთან საუბრისას სხვადასხვა ჩართულმა მხარემ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოს მიმართ უნდობლობა გამოხატა და განაცხადა, რომ კომისია პოლიტიკურად მიკერძოებულია და უფრო მეტად ოპოზიციური მედიის კონტროლზეა ორიენტირებული. მხარეები აცხადებენ, რომ ამის ნაცვლად, მარეგულირებელი უცხო ქვეყნების მიერ გავრცელებული დეზინფორმაციის განეიტრალებასა და საქართველოს მედეგობის განვითარებაზე უნდა კონცენტრირდეს, განსაკუთრებით არჩევნების დროს“, – ნათქვამია დოკუმენტში.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოში სოციალური მედია ინფორმაციის მიღების მნიშვნელოვან წყაროდ ყალიბდება, რაც, თავის მხრივ, ონლაინ-მანიპულაციების მიმართ მოწყვლადობას ზრდის.
„მიუხედავად იმისა, რომ Facebook-მა ქვეყანაში ყველაზე პოპულარულმა სოციალურმა ქსელმა – ახლახან მასშტაბური შიდა დეზინფორმაციის ქსელები წაშალა, სხვა საშინაო და საგარეო გავლენის სქემები ჯერ კიდევ აქტიურია. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისოს საზოგადოების (ISFED) ანგარიშის მიხედვით, ზაფხულში Facebook-ს საარჩევნო კამპანიისთვის 17 პოლიტიკური პარტია და მაჟორიტარობის 117 კანდიდატი იყენებდა. კანდიდატები Facebook-ს ამომრჩევლებთან პირდაპირი კომუნიკაციისთვის, საარჩევნო პროგრამების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთვის, ონლაინ დისკუსიების გასამართად და მათი სატელევიზიო გამოსვლებისა თუ ამომრჩევლებთან შეხვედრების ამსახველი ფოტოების გასაზიარებლად იყენებენ. თუმცა, ISFED-ის იმავე ანგარიშის მიხედვით, ანონიმური გვერდები როგორც მმართველი, ასევე სოციალური მედია და დეზინფორმაცია სამი ოპოზიციური პარტიის აქტიურ დისკრედიტაციას ეწევა. გამონაკლისია „პატრიოტთა ალიანსი“, რომელიც ამ ანონიმური გვერდების სამიზნეს არ წარმოადგენს. ონლაინ სივრცეში მოქმედი ეს დისკრედიტაციული კამპანიები ქვეყნის შიგნიდან იმართება. ოპოზიციის წინააღმდეგ წარმოებული კამპანია შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ კოორდინირებული და კარგად დაფინანსებულია; ამასთანავე ჩანს, რომ ამ გვერდების მმართველს სატელევიზიო არქივებზე მიუწვდება ხელი; მმართველი პარტიის მადისკრედიტირებელი გვერდები ნაკლებად ორგანიზებული ჩანს. ზოგიერთი სახის პოლიტიკური რეკლამა მიკრო-ტარგეტირებას ეფუძნება. მიკრო-ტარგეტირება მომხმარებლების პერსონალურ მონაცემებზე დაყრდნობით მათზე მორგებული, მათთვის მეტად დამაჯერებელი მესიჯების შემუშავების პრაქტიკას გულისხმობს. მსგავსი რეკლამების შეზღუდული გავრცელება მათ მონიტორინგს, გამოვლენას და – მანიპულაციური ინფორმაციის შემთხვევაში – მათ განეიტრალებას ართულებს“, – აღნიშნულია NDI-ის ინფორმაციაში.
დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ არსებული საკანონმდებლო მექანიზმების მიუხედავად, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა (შშმ პირები) და ლგბტ თემის წარმომადგენლების პოლიტიკური წარმომადგენლობა კვლავ დაბალია.
„მიმდინარე მოწვევის პარლამენტის 150 წევრიდან მხოლოდ 21 წევრია ქალი, რაც სხვა ქვეყნებთან შედარებით ქალთა დაბალ პოლიტიკურ მონაწილეობაზე მიუთითებს. ივლისში მიღებული სავალდებულო გენდერული კვოტა მიზნად ისახავს, რომ მომავალ პარლამენტში სულ მცირე 30 წევრი (20 პროცენტი) იყოს ქალი. ის პარტიები, რომლებიც კვოტის მოთხოვნებს გადააჭარბებენ და პარტიულ სიებში სამ კანდიდატში ერთ ქალს წარადგენენ, დამატებით სახელმწიფო დაფინანსებას მიიღებენ. ცესკო-ს ამჟამინდელი მონაცემებით, სულ მცირე 29 პარტიამ, მათ შორის „ევროპულმა საქართველომ“, პარტიამ „სამართლიანობისთვის“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ და „პატრიოტთა ალიანსმა“ ეს მოთხოვნა დაიცვა“, – ნათქვამია დოკუმენტში.
აქვე აღნიშნულია, რომ „კვოტების საშუალებით გენდერულად მეტად მრავალფეროვანი წარმომადგენლობის უზრუნველყოფისთვის ერთი პოტენციური დაბრკოლება ის არის, რომ პოლიტიკური პარტიების უმრავლესობა ქალებს სიების სათავეში არ ასახელებს.
„ხშირ შემთხვევაში ისინი სიის მეოთხე ნომრად არიან წარმოდგენილები. შედეგად ის პარტიები, რომლებიც ოთხ მანდატზე ნაკლებს მოიპოვებენ, დიდი ალბათობით პარლამენტში ქალ კანდიდატს ვერ შეიყვანენ. დაბალი ბარიერის პირობებში ამ სცენარის განვითარება რეალისტურია, რა შემთხვევაშიც, ქალების წარმომადგენლობა, შესაძლოა, მაინც 20 პროცენტზე ნაკლები დარჩეს.
პარტიების პლატფორმების უმრავლესობა მხოლოდ ზოგადად მოიხსენიებს ქალთა, ეთნიკური უმცირესობებისა და შშმ პირების საკითხებს, რაც ძირითადად მოქალაქეების თანასწორობაზე, ქალებისთვის პოლიტიკასა და ბიზნესში ჩართულობის მეტი შესაძლებლობების საჭიროებასა და შშმ პირებისთვის და ეთნიკური უმცირესობებისთვის განათლებასა და დასაქმებაზე გაზრდილი წვდომის მნიშვნელობაზე მოწოდებებში გამოიხატება. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, ამ დეკლარირებულ მიზნებს დეტალური გეგმები არ ახლავს თან. მხოლოდ რამდენიმე პარტიის პროგრამა მოიცავს შშმ პირთა საჭიროებებს და ისიც მხოლოდ გაზრდილ დახმარებაზე ამახვილებს ყურადღებას, მათი ჩართულობის გაზრდის მიმართულებით უფრო ყოვლისმომცველი მიდგომის ნაცვლად. სულ რამდენიმე პარტია და კანდიდატი საუბრობს ნაკლებად წარმოდგენილ ჯგუფებზე მორგებული კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავების შესახებ“, აღნიშნულია „ენდიაის“ ნომერ მეორე წინასაარჩევნო ბიულეტენში.
დოკუმენტის თანახმად, ეთნიკური უმცირესობები (მოსახლეობის დაახლოებით 13 პროცენტი) კამპანიის პროცესებში ნაკლებად არიან წარმოდგენილები. გამონაკლისია ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული ორი ოლქი: მარნეული-გარდაბანი და ახალქალაქი-ნინოწმინდა.
ამასთანავე, ცესკო საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის ტრენინგების მასალების თარგმნასა და შესაბამისი ოლქებისთვის მრავალენოვანი ბიულეტენების ბეჭდვასაც უზრუნველყოფს. ისლამოფობიური და ქსენოფობიური რიტორიკა პოლიტიკური დისკუსიის ნაწილს წარმოადგენს. წინასაარჩევნო კამპანიაში ანტი-თურქული გზავნილების გამოყენების გამო პარტია „პატრიოტთა ალიანსი“ დაჯარიმდა. მთიან ყარაბაღში განახლებულმა კონფლიქტმა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, სადაც წინასაარჩევნო ანტაგონიზმის შემთხვევები ადრეც დაფიქსირებულა, უფრო მეტი დაძაბულობა შემოიტანა. კონფლიქტზე ფოკუსირებამ, შესაძლოა, კიდევ უფრო გააძლიეროს ეთნიკური უმცირესობების უსაფრთხოების პრობლემად წარმოჩენა და ამასთან დაკავშირებული სტიგმები.
დოკუმენტის თანახმად, შშმ პირების უფლებებზე მომუშავე ჯგუფები კვლავ აღნიშნავენ, რომ ის უბნები, რომლებიც საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ ადაპტირებულად არის მიჩნეული, შესაძლოა, კვლავ არ იყოს ყველასთვის მისაწვდომი, რადგან მისაწვდომობის კრიტერიუმები ცხადი არ არის გაწერილი.
აქვე ნათქვამია, რომ საარჩევნო კამპანიაში ჰომოფობიური რიტორიკის აღმოფხვრის მიზნით, ლგბტ უფლებებზე მომუშავე ერთ-ერთი ორგანიზაცია, პარტიებს მოუწოდებს შეუერთდნენ მრავალპარტიულ მემორანდუმს.
„ლგბტ უფლებების დამცველი ჯგუფების ოფისებზე თავდასხმები და მათი დისკრიმინაცია გრძელდება. ეს შემთხვევები გამოძიების პროცესშია, თუმცა ჯგუფები აღნიშნავენ, რომ წინასაარჩევნო კამპანიებში ამ ეტაპზე ჰომოფობია და ტრანსფობია არ ჭარბობს“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
დოკუმენტში რეკომენდაციებიც არის მოცემული:
საქართველოს ეროვნული კომუნიკაციების კომისიამ, ცენტრალურ საარჩევნო კომისათან კოორდინაციით, შესაბამისი წესების გასაჯაროვებისთვის და მედიისა და პოლიტიკური პარტიების მიერ ამ წესების დაცვის პროაქტიული უზრუნველყოფისთვის დამატებითი ნაბიჯები უნდა გადადგას;
ამომრჩევლებისთვის დაბალანსებულ და სანდო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, პოლიტიკურმა პარტიებმა და კანდიდატებმა ყველა დებატებსა და პოლიტიკურ გადაცემაში უნდა მიიღონ მონაწილეობა, რათა მოსახლეობას მათი ხედვები და გეგმები გააცნონ;
მედიასაშუალებებსა და ჟურნალისტებს, ჟურნალისტური ეთიკის შესაბამისად თავიანთი ლეგიტიმური ფუნქციების შესრულებისა და უფლებების რეალიზების საშუალება უნდა მიეცეთ – ყოველგვარი ჩარევის გარეშე. შესაბამისმა ორგანოებმა ინციდენტები დროულად უნდა გამოიძიონ და დამნაშავეთა ადეკვატურად სანქცირება უზრუნველყონ;
გამჭვირვალობის გასაზრდელად და კამპანიების დაფინანსების წესების ბოროტად გამოყენების თავიდან აცილების მიზნით, საარჩევნო კოდექსი უნდა მოიცავდეს დებულებებს ონლაინ გვერდებზე ან სოციალურ მედიაში განთავსებული რეკლამის დეკლარირების შესახებ, რომლებიც კამპანიის მიზნებისთვის გამოიყენება. ონლაინ განთავსებული რეკლამების შემოწმების გასამარტივებლად, არჩევნებამდე სახელმწიფო ორგანოებმა ფეისბუქთან კომუნიკაცია უნდა დაამყარონ;
მთავრობამ, პოლიტიკურმა პარტიებმა, სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებმა, ჟურნალისტებმა და ონლაინ პლატფორმებმა არჩევნების დროს დეზინფორმაციის გამოსავლენად და მისი გავლენის შესამცირებლად მუშაობა უნდა გააგრძელონ და კიდევ უფრო გააძლიერონ. ასევე, საინფორმაციო სივრცის დამაზიანებელი ზეგავლენებისგან დაცვისა და საზოგადოების მედეგობის გასაძლიერებლად გრძელვადიანი სტრატეგიები უნდა დანერგონ;
პოლიტიკურმა პარტიებმა კამპანიის დარჩენილ პერიოდში ქალი კანდიდატების მხარდამჭერი შიდა მექანიზმები უნდა დანერგონ;
კამპანიის დარჩენილ დღეებში პარტიებმა ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარების კონკრეტული გზები და დეტალები უნდა წარმოადგინონ;
პოლიტიკური პარტიები და კანდიდატები უნდა მოერიდონ ისეთი თემების (მაგალითად, ყარაბაღში გამწვავებული კონფლიქტი) განხილვას, რაც შეიძლება დაპირისპირებისა და საზოგადოების განხეთქილების რისკს შეიცავდეს. ამის ნაცვლად მათ ყურადღება უნდა გაამახვილონ მოქალაქეების პრიორიტეტებზე ორიენტირებულ კამპანიაზე და უფრო მკაფიოდ ისაუბრონ ეთნიკური უმცირესობების საჭიროებებზე;
პოლიტიკურმა პარტიებმა კამპანიებში ჰომოფობიური ენის გამოყენების წინააღმდეგ მრავალპარტიულ მემორანდუმს უნდა მოაწერონ ხელი.