პოლიტიკა
ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა ბერლინში

nato_gruzia15 აპრილს ბერლინში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე.

ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა კომისიის სხდომის გახსნისას განაცხადა, რომ ალიანსსა და საქართველოს შორის ურთიერთობები „მნიშვნელოვნად გაღრმავდა“, რაც მხარეებისათვის „ხელსაყრელია“.

„ნატო-საქართველოს კომისიის მეშვეობით ჩვენ არსობრივი, სრულფასოვანი პოლიტიკური დიალოგი ვაწარმოეთ. წლიური ეროვნული პროგრამის მეშვეობით კი ამჟამად ხორციელდება კონკრეტული და ძალიან ეფექტური პროგრამები, რომელთა მიზანიცაა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში რეფორმების გატარების მხარდაჭერა და მათი უფრო ფართო დემოკრატიული რეფორმების კონტექსტში მოქცევა“, – აღნიშნა მან.

კომისიის ერთობლივი განცხადების შესახებ გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, ნატოს მინისტრები მიესალმნენ საქართველოს წვლილს ავღანეთში საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალების (ISAF) ოპერაციაში და იმ ვალდებულებასაც, რომელიც საქართველომ აიღო ავღანური ძალების მომზადების კუთხით.

აღნიშნეს რა საერთო ჯამში საქართველოს დემოკრატიული განვითარების „პოზიტიური დინამიკა“, ნატოს მინისტრებმა, ასევე, განაცხადეს, რომ საქართველოს მთავრობას კიდევ „რჩება სამუშაო საჭირო რეფორმების გასატარებლად“, მათ შორის, ოპოზიციასთან თანამშრომლობის გზით.

ნატოს მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საარჩევნო რეფორმის მნიშვნელობას 2012 წლის მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ, ასევე, მოუწოდეს საქართველოს, „განაგრძოს კანონის უზენაესობისა და სამოქალაქო საზოგადოების როლის გაძლიერება, ასევე, გააღრმაოს სასამართლო და მედიასფეროს რეფორმები“.

ალიანსმა, ასევე, მოუწოდა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში რეფორმების გაგრძელებისკენ.

დაადასტურა რა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არაღიარების პოლიტიკის მიმართ მხარდაჭერა, ნატო მიესალმა ჟენევის მოლაპარაკებებსაც და გაიმეორა მოწოდებები რუსეთის მიმართ – შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები, ასევე, უკან წაიღოს საქართველოს სეპარატისტული რეგიონების აღიარების გადაწყვეტილება.

ნატო, ასევე, მიესალმა თბილისის მიერ აღებულ ვალდებულებას ძალის გამოუყენებლობის თაობაზე, რაც, პრესრელიზის თანახმად, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ კოლეგებს კომისიის სხდომის ფარგლებშიც დაუდასტურა.

ნატო-საქართველოს კომისიის მომდევნო სხდომა ელჩების დონეზე საქართველოში შემოდგომისთვის დაიგეგმა.