საქართველო, 19 ოქტომბერი, საქინფორმი. ეს არის რეალურად რუსული სპეცოპერაციის ნაყოფი. რეალურად, სააკაშვილი მოვიდა პრიმაკოვის გარანტიით, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ნამდვილ რიცხვებში“ საუბრისას განაცხადა.
ღარიბაშვილმა სტუდიაში იმ ობიექტების ნუსხა წარმოადგინა, რომლებიც სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში რუსულ სახელმწიფო კომპანიებს გადაეცათ.
„მოსახლეობას მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო, რეალურად ვინ არის რუსული ინტერესების გამტარებელი ქვეყანაში. ხელთ მაქვს მოკლე რეზიუმე, იმ სტრატეგიული ობიექტების ჩამონათვალი, რომელიც უშუალოდ სააკაშვილის დავალებით გადაეცა რუსეთს, რუსულ სახელმწიფო კომპანიებს. მე ახლა ამ მოღალატეებს მივმართავ, მაშინ, როცა ბატონი, თქვენი ბოროტი მასხარა, გარყვნილი სააკაშვილი გადასცემდა ენგურჰესს, ჟინვალჰესს, რიონჰესს, გუმათი 1, გუმათი 2, შაორჰესს, ვარციხე, ხრამი, ეს ყველაფერი გადაეცა „რაო“-ს და რუსულ სახელმწიფო კომპანიებს. აღარ გავაგრძელებ... სად იყვნენ ეს ადამიანები?! სად იყვნენ მაშინ, როდესაც სრული მწვანე შუქი ჰქონდათ მიცემული ომამდე და ომის შემდეგ?! მაშინ, როცა აქ ამტკიცებდა, რომ პროდასავლური იყო. ეს არის რეალურად რუსული სპეცოპერაციის ნაყოფი. რეალურად, სააკაშვილი მოვიდა პრიმაკოვის გარანტიით, მისი ბიძა ცნობილია, როგორც კგბ-ს პოლკოვნიკი და იაღარის „ბარიგა“, არ მოვერიდები ამის თქმას. ეს ხალხი ებრძვის ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს, მეგობრებო. არჩევანი არის ჩვენ ხალხზე. ჩვენ ან ავირჩევთ პატრიოტიზმს, ან ავირჩევთ ღალატს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.