საზოგადოება
ირაკლი კობახიძე - არჩევნების გადადებაზე მესიჯები ნიშნავს სრულ კაპიტულაციას ოპოზიციის მხრიდან

 საქართველო, 19 ოქტომბერი, საქინფორმი. არჩევნებამდე ორი კვირით ადრე არჩევნების გადადებაზე მესიჯები ნიშნავს სრულ კაპიტულაციას ოპოზიციის მხრიდან, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ისინი ხედავენ, რომ რეალურად, არავითარი შანსები არ აქვთ იმისა, რომ წარმატებას მიაღწიონ ამ არჩევნებში, შესაბამისად, ორი კვირით ადრე მათ უკვე გამოაცხადეს პრაქტიკული საარჩევნო კაპიტულაცია. ეს სხვა არაფერი არ არის. რაც შეეხება არჩევნების გადადებას, ამის საფუძველი არ არსებობს. როცა იყო კოვიდის პირველი ფაზა და პირველი ტალღა, ამ შემთხვევაში არაერთ ქვეყანაში ასეთი ზომა იყო მიღებული. თუმცა მეორე ტალღის პიროებებში არჩევნების გადადებაზე საუბარი არის მხოლოდ და მხოლოდ კაპიტულაციის გამოვლინება. თქვენ გახსოვთ, მაგალითად აშშ-ში პრეზიდენტმა ტრამპმა გააკეთა მინიშნება, განცხადებაც არ იყო, მინიშნება არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით და ყველა ამის საწინააღმდეგოდ გამოვიდა, ყველა დაუპირისპირდა ამის შესაძლებლობასაც კი, რომ არჩევნები აშშ-ში, რომელიც საქართველოს საპარლამენტო არჩევნებიდან რამდენიმე დღეში ტარდება, რომ გადადებულიყო.

როდესაც ვსაუბრობთ სასოწარკვეთილებაში გადავარდნილ პოლიტიკურ სუბიექტებზე, ესეც არის მორიგი გამოვლინება. ჯერ გუშინ სცადეს, რომ ხელოვნურად ხელი შეეწყოთ ვირუსის გავრცელებისთვის, ეს არის წარმოუდგენელი მავნებლობა. თან რაიონებიდან გატანის მცდელობა იყო ვირუსის, რადგან ე.წ. მარშუტკებით ჩაყავდათ ადამიანები ბათუმში, სადაც არის კონცენტრაცია ვირუსის და მერე აბრუნებდნენ სხვა რაიონებში. ეს არის სხვა არაფერი, თუ არა მავნებლობა. მეორე გამოხატულება ამ სასოწარკვეთილების არის ეს კაპიტულაცია, რასაც ნიშნავს ეს განცხადებები არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით. არავითარი საფუძველი არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით ბუნებრივია, არ არსებობს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, კობახიძის თქმით, არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით მინიშნებები კეთდება არასამთავრობოების მხრიდანაც.

ყველა ეს განცხადება არის ერთი და იგივე პოლიტიკური პარტიის კაპიტულაციის გამოხატულება. მე ვნახე ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების ყოფილი თუ მოქმედი ხელმძღვანელების რაღაც გარკვეული მინიშნებები და ეს არის ერთი და იგივე პოლიტიკური ძალის კაპიტულაციის გამოხატულება. არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, ისინი აღიარებენ ასეთი განცხადებებით საკუთარ დამარცხებას. მანამდე იყო გიორგი ქადაგიძე, ვინც დაიწყო ეს დისკუსია, „ნაცმოძრაობის“ აქტივისტი, რომელმაც გააკეთა იგივე განცხადება. მე მათ მოვუწოდებ, არჩევნები რა თქმა უნდა შედგება 31 ოქტომბერს, რაც უფრო მეტი იქნება ასეთი განცხადება, მით უფრო მეტად დაინახავს ხალხი, რომ მათ არავითარი იმედი არ აქვთ და ის 12% და 3% არ შერჩებათ, რაც აქვთ დღეს „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“. აქედან გამომდინარე, კაპიტულანტურ განცხადებებს, ურჩევნიათ მოემზადონ 31 ოქტომბრისთვის და თუნდაც ის 12% და 3% გაიფორმონ, რაც დღეს აქვთ მოსახლეობისგან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.