რედაქტორისგან
რა ხდება საჯარო ბიბლიოთეკაში?!

bibliothekaსაინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლება საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შენობის გაყიდვას გეგმავს. რამდენიმე კვირის წინათ ბიბლიოთეკის ორი დარბაზი მკითხველებისთვის უკვე დაიხურა ვითომდა შენობის ავარიული მდგომარეობის გამო. თუმცა, ინკოგნიტო წყაროს ცნობით, ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინათ საუბრობდნენ იმაზე, რომ ეროვნული ბიბლიოთეკისთვის ახალ შენობას გარეუბანში ააშენებდნენ, ხოლო თბილისის ცენტრში მდებარე უნიკალურ ნაგებობას გაასხვისებდნენ. ისევე, როგორც გაყიდეს შენობა, სადაც 95 წლის განმავლობაში საინფორმაციო სააგენტო „საქინფორმი“ იყო განთავსებული, რომლის უნიკალური ფოტოარქივის გადარჩენილი ნაწილი ამჟამად საქართველოს ეროვნულ არქივშია დაცული, დღეს რომ ასევე გასხვისებას უპირებენ!

მკითხველს შევახსენებთ, რომ 2006 წლის 10 აგვისტოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „საქართველოს საინფორმაციო სააგენტო – საქინფორმი“ დედაქალაქის ცენტრში მდებარე (მისამართზე: თბილისი, რუსთაველის პროსპექტი №42) მის კუთვნილ პრესტიჟულ შენობასთან ერთად (საერთო ფართი 5388.8 კვ მ), რომელიც არქიტექტურული ძეგლების ჩამონათვალში შედის, აუქციონზე გაიტანა და 5 მილიონ 50 ათას დოლარად მიჰყიდა ფიზიკური პირების ჯგუფს – საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ამჯობინეს. როგორც ამბობენ, ამავე ინკოგნიტო პირთა ჯგუფმა რამდენიმე ხანში შენობა 10 მილიონ დოლარად მიჰყიდა თავისივე პარტნიორებს. იმ პირთა ვინაობა, რომლებმაც ეს, მათთვის მომგებიანი გარიგება განახორციელეს (რისთვისაც საქართველოს პირველი საინფორმაციო სააგენტოს ლიკვიდირება მოხდა!), ბევრისთვის ცნობილია და დროთა განმავლობაში, ვიმედოვნებთ, კანონიერადაც დაისჯებიან.

საქართველოში საქალაქო ბიბლიოთეკებისა და სამკითხველო დარბაზების მასობრივი დახურვა ახლაც გრძელდება, რაც სინამდვილეში აიხსნება არა იმ შენობების „ავარიულობით“, სადაც განთავსებული არიან, არამედ იმით, რომ, როგორც წესი, დედაქალაქის ცენტრალურ, პრესტიჟულ ნაწილში მდებარე ამ ნაგებობების გამოყენება ხელისუფლებას სხვა, უფრო მომგებიანი მიზნებით სურს: ინვესტორისთვის საოფისედ სარფიანად მისაყიდად, სავაჭრო ობიექტის, ღამის კლუბის, ტოტალიზატორის, რესტორნის გასახსნელად; ანდა მას, უბრალოდ, „თვალი დაადგა“ რომელიმე ხელისუფალმა. (სხვათა შორის, „ავი ენები“ ამბობენ, რომ მტკვრის სანაპიროზე, პარკში მდებარე უძველესი ჩოგბურთის კორტები, სადაც ქართული ჩოგბურთი ყალიბდებოდა და სადაც ფეხი აიდგა ბევრმა ცნობილმა ჩოგბურთელმა, იმის გამო დაანგრიეს, რომ ეს ადგილი საქართველოს ეკონომიკის მინისტრს, ვერა ქობალიას მოუვიდა თვალში). ერთადერთი შენობა, რომლის გაყიდვაც ეკონომიკის სამინისტრომ ვერა და ვერ შეძლო - კოსტავას ქუჩა #14-ში მდებარე გამომცემლობა „სამშობლოა“, საიდანაც2007 წლის 10 აგვისტოს ხელისუფლებამ, ასობით შეიარაღებული პოლიციელის სახით, ამჟამინდელი ფინანსთა მინისტრის მოადგილის გრიშა ბაიბურთის ხელმძღვანელობით - დილის 4 საათზე თავისი ოფისებიდან ქუჩაში ბარბაროსულად გამოაძევა 80-მდე გაზეთისა და ჟურნალის რედაქცია, 2 ტელეკომპანია, ათობით გამომცემლობა და სტამბა მთელი ქონებით, რის შედეგადაც სამი ათასზე მეტი კაცი უმუშევარი დარჩა!...

„საქინფორმი“, „სამშობლო“, ახლა - ეროვნული ბიბლიოთეკაც: რა არის გასაკვირი?! განა გასაკვირია, რომ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ საჯარო ბიბლიოთეკას გარეუბანში აძევებენ, როცა თავად პარლამენტი უფრო შორს - ქუთაისში გადაასახლეს?! როცა თბილისის გარეუბანში გაასახლეს საქართველოს უდიდესი მეფის - დავით IV აღმაშენებლის ძეგლი?! რაც შეეხება მოარულ ხმებს თავად პარლამენტის შენობის გასხვისების შესახებ, არც ეს უნდა იყოს ჩვენთვის მოულოდნელი, რადგან მთავარი საკანონმდებლო ორგანოს ქუთაისში გადატანა უკვე თავისთავად გულისხმობს, რომ ხელისუფლება გამოთავისუფლებულ შენობსაკუთარი შეხედულებისამებრ განკარგავ! ან ეგებ ეს სწორიცაა - რისთვის სჭირდება პარლამენტი ქვეყანას, სადაც კანონს ერთი ადამიანი -პრეზიდენტი ქმნის?..

P.S. როგორც საინფორმაციო-ანალიტიკურ სააგენტო „საქინფორმს“ კომპეტენტურმა წყარომ აცნობა, აუქციონში, სადაც ეროვნული (ყოფილი საჯარო) ბიბლიოთეკის შენობას გამოიტანენ, მონაწილეობას მიიღებს შპს კუბოების დამამზადებელი საამქროც, რომლიც უწინ, ლევან ბერძენიშვილის მიერ „საჯაროს“ დირექტორობის პერიოდში იჯარით აღებულ ერთ-ერთ ნაგებობაში მდებარეობდა. ასე „დაასამარებენ“ საქართველოს უძველეს ბიბლიოთეკას - სამეცნიერო ცენტრს, სადაც ნახევარი საუკუნის განმავლობაში ცოდნას იძენდნენ ქართველი მეცნიერები, სტუდენტები და უბრალოდ ქალაქის მკვიდრნი.

ასევე, მოარული ხმებით, ერთ-ერთ სამკითხველო დარბაზში გახსნიან... სტრიპტიზ-კლუბს! თუმცაღა, ამ შემთხვევაში შენობის „საჯარო“ პროფილი მაინც შენარჩუნდება.