სამართალი
კორონავირუსთან დაკავშირებული წესებისა და რეკომენდაციების აღსრულების მიზნით, საპატრულო პოლიცია მეტროსადგურებთან მონიტორინგს განახორციელებს

 საქართველო, 16 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებების შესაბამისად, „კოვიდ-19“-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული წესებისა და რეკომენდაციების აღსრულების მიზნით, მეტროსადგურებთან ინტენსიურ მონიტორინგს ახორციელებს, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

თბილისში არსებულ ყველა მეტროსადგურთან მობილიზებული იქნებიან პატრულ-ინსპექტორები, რომლებიც მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, მეტროსადგურში შემსვლელ და გამომსვლელ პირებს პირბადეების გაკეთებას და კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოქმედი წესების დაცვას გააკონტროლებენ“, – აცხადებენ შსს-ში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, ატარონ პირბადე, შეძლებისდაგვარად დაიცვან დისტანცია და დაემორჩილონ საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა მითითებებს.