გაზეთმა „საქართველოს რესპუბლიკამ“ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს მიმდინარე წლის მაისის ბოლომდე „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ლიდერ ნინო ბურჯანაძეს დაპატიმრება ელის.
როგორც გამოცემის ანონიმური წყარო აცხადებს, „საქართველოს ხელისუფლება „სახალხო კრების“ საქმიანობით უკმაყოფილოა, ამიტომ შს მინისტრ ვანო მერაბიშვილის გუნდი განიხილავს ამ ოპოზიციური გაერთიანების მუშაობის ჩაშლის ხელშემწყობ ვარიანტებს. ეს სპექტაკლი უკანონო საქმიანობის მტკიცებულების სახით იქნება წარმოდგენილი, რათა ბურჯანაძე და მისი ქმარი ბადრი ბიწაძე გადატრიალების მზადებაში დაადანაშაულონ. ამ სცენარის მომზადება კი, თითქოსდა, მიმდინარეობს. გარდა ამისა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ასევე, ცდილობს, „სახალხო კრების“ 2 მაისისთვის დაგეგმილი დიდი აქცია ამ გაერთიანებაში საკუთარი კონტაქტების დახმარებით ჩაშალოს".ამ ინფორმაციაზე ბურჯანაძის პარტიის პრესსამსახურის კომენტარით, „ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა ნინო ბურჯანაძისა და „სახალხო კრების“ განეიტრალება მოახერხოს, რადგან მისთვის ყველაზე რეალური საფრთხე სწორედ ბურჯანაძე და „სახალხო კრებაა“.
რამდენიმე დღის წინათ კრების წარმომადგენლებმა ორგანიზაციაში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ აგენტების შეგზავნის შესახებ განაცხადეს, თუმცა კითხვა იმის შესახებ – ვისგან მიიღო საკმაოდ კონფიდენციალური ინფორმაცია კრებამ, რომლის გაშიფვრა მხოლოდ ძალოვან უწყებაშია შესაძლებელი, ორგანიზაციის წარმომადგენლების მხრიდან უპასუხოდ დარჩა.
ორივე შემთხვევაში საკმაოდ ბევრი კითხვა დაიბადა საზოგადოებაში, მათ შორის, ძალზე საინტერესოა, მართლაც ებრძვის ხელისუფლება კრებას და მას რეალურ ოპონენტად მიიჩნევს, თუ ეს ბურჯანაძისა და კრების ლიდერთა გეგმების შემადგენელი ნაწილია პიარის სახით, რომელიც ნელი დინებით მიცურავს 2 მაისამდე?!
თუ ხელისუფლების მიერ ოპოზიციის მისამართით ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებს გავიხსენებთ, ვერსად აღმოვაჩენთ, რომ რომელიმე მათგანში ისრები ბურჯანაძის მიმართ იყო ნასროლი. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, ეს ორი ინფორმაციაც, რომლებიც, თითქოსდა, კრებისა და ბურჯანაძის სიძლიერეზე მეტყველებს, სწორედ მისივე „პიარმანქანის“ ნახელავი იყოს, რომლის შექმნაშიც ბურჯანაძემ ხელისუფლება არაერთხელ დაადანაშაულა. მმართველი გუნდის მხრიდან საკუთარი თავის გაპიარების მაგალითები, ცხადია, უხვად მოიპოვება, განსაკუთრებით, ტელესივრცეში, თუმცა გამოდის, რომ პარლამენტის ექს-თავმჯდომარე სწორედ იმ მეთოდებით მოქმედებს, რომლებსაც ხელისუფლებას უკრიტიკებს.