უცხოეთი
სერგეი ლავროვი მხარეებს მთიან ყარაბაღში რუსი სამხედრო დამკვირვებლების განთავსებას სთავაზობს

 საქართველო, 15 ოქტომბერი, საქინფორმი. მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულების უზრუნველყოფის გაკონტროლება შესაძლოა რუსი სამხედრო დამკვირვებლების მიერ განხორციელდეს, თუმცა საბოლოო სიტყვა კონფლიქტის მხარეებმა უნდა თქვან, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუს ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

ახლა არა სამშვიდობოები, არამედ სამხედრო დამკვირვებლებიც საკმარისი იქნებოდა. ვთვლით, რომ სწორი იქნება, თუ იქ ჩვენი სამხედრო დამკვირვებლები იქნებიან, თუმცა საბოლოო სიტყვა მხარეებმა უნდა თქვან“,- აღნიშნა ლავროვმა.

მისივე თქმით, რუსეთი არ იზიარებს თურქეთის პოზიციას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის სამხედრო გზით გადაწყვეტის შესახებ.

ჩვენ არ ვიზიარებთ თურქეთის განცხადებას, რომელიც რამდენჯერმე პრეზიდენტმა ალიევმაც გამოთქვა. არ არის საიდუმლო, რომ ჩვენ არ ვეთანხმებით განცხადებას იმის შესახებ, რომ კონფლიქტის სამხედრო გზით გადაწყვეტა დასაშვებია“, - აღნიშნა ლავროვმა.