საქართველო, 14 ოქტომბერი, საქინფორმი. ჩვენ ვიგებთ დამაჯერებლად, მაგრამ ახლა ის დროა, ყველანი გავიდეთ ველზე, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
მისი თქმით, 31 ოქტომბერს ჩვეულებრივი არჩევნები არ იქნება.
„31 ოქტომბერს არის ისტორიული არჩევნები, რადგან გადაწყდება, ჩვენ გვექნება ქვეყანა, თუ საქართველო საერთოდ გაქრება რუკიდან; ქართული სახელმწიფოს იდეა მოკვდება, თუ ჩვენ მოვიპოვებთ გამარჯვებას. ამიტომ, მინდა მივმართო „ნაციონალური მოძრაობის“ და გაერთიანებული ოპოზიციის სიის წევრებს და ყველა აქტივისტს, ჩვენ ვიგებთ დამაჯერებლად, მაგრამ ახლა ის დროა, ყველანი გავიდეთ ველზე. მათ კიდევ ბევრი ხრიკი აქვთ მომზადებული და რომ არ მივცეთ ამის კეთების საშუალება, თავი არ უნდა წამოვაყოფინოთ. ყველგან უნდა ვიყოთ, შევესიოთ, ხალხს დაველაპარაკოთ, მხოლოდ „ფეისბუქზე“ წერა არ არის საკმარისი, თუმცა ესეც მნიშვნელოვანია. პირადი კონტაქტით, თითოეული ადამიანი დავარწმუნოთ, რომ ღირს არჩევნებში მონაწილეობა. არ არსებობს არც ერთი ზედმეტი ადამიანი, არც ერთი წუთი არ გვაქვს დასაკარგი, ყოველი წუთი ძვირფასია და მე თვითონ ვითვლი ახლა ყოველ წუთს. ჩვენ გვრჩება ძალიან ცოტა დრო, რომ მოვიპოვოთ დამაჯერებელი გამარჯვება“, – განაცხადა სააკაშვილმა.