სამართალი
სტატუსნეიტრალური დოკუმენტები

eka_tkeshelashviliსახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში ეკა ტყეშელაშვილმა 14 აპრილს განაცხადა, რომ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების მცხოვრებთათვის სტატუსნეიტრალური დოკუმენტები შესაძლოა, წლის ბოლომდე გახდეს ხელმისაწვდომი.

საუბარია „ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმით“ გათვალისწინებული ნეიტრალური სამოგზაურო დოკუმენტებისა და პირადობის მოწმობის გაცემაზე, რომლებიც შესაძლებლობას მისცემს ზემოდასახელებული რეგიონების მოსახლეობას, იმოგზაურონ საზღვარგარეთ და, ასევე, ისარგებლონ საქართველოში არსებული სოციალური მომსახურებით.

სახელმწიფო მინისტრის განმარტებით, ამგვარი დოკუმენტების აღება არ ნიშნავს საქართველოს მოქალაქეობის მიღებას, მათზე გამოსახული არ იქნება საქართველოს სახელმწიფოებრივი სიმბოლიკა და არ იქნება ბიომეტრიული ტიპის, თუმცა მათი მეშვეობით მოხდება პიროვნების იდენტიფიცირება.

„ეს პროცესი მთლიანად დაფუძნებული იქნება ნებაყოფლობითობის პრინციპზე“, – განაცხადა ტყეშელაშვილმა და იქვე დასძინა, რომ ამ დოკუმენტების „მასობრივ გამოყენებას არ ველით“.

ტყეშელაშვილის განცხადებით, სამოქალაქო რეესტრის მიერ მსგავსი დოკუმენტების გაცემამდე მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებებისა იქნება განსახორციელებელი.

მისივე ინფორმაციით, სხვადასხვა ქვეყანასთან ინდივიდუალურ რეჟიმში მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რათა სტატუსნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტების მფლობელებს ვიზების გაცემაზე პრობლემები არ შეექმნათ.

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება ხშირად გამოთქვამდა პრეტენზიებს იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ორი რეგიონის რუსული პასპორტების მქონე მოსახლეობას ხშირად ეუბნებოდნენ უარს ევროპის ქვეყნებისა და აშშ-ის ვიზების გაცემაზე.

„ჩვენ შევძლებთ არალეგიტიმურად, საერთაშორისო სამართლის აბსოლუტური უგულებელყოფით გაცემული რუსული პასპორტების გვერდის ავლით, ამ ადამიანებისთვის ლეგიტიმური გზით მოძრაობის თავისუფლების უზრუნველყოფას“, – განაცხადა ტყეშელაშვილმა.

სახელმწიფო მინისტრმა ამ საკითხზე პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის სხდომაზე ისაუბრა, სადაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ სახელმწიფო სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის განსახორციელებლად მიმდინარე მუშაობის შედეგები წარადგინა.

ტყეშელაშვილის თქმით, სამოქმედო გეგმის „ყველაზე მომცველობითი“ და „ზრდადი“ მიმართულებაა ჯანდაცვის სფერო, რადგან სულ უფრო ხშირია ამ რეგიონებიდან, და „არა მხოლოდ გალის რაიონიდან“, ჩამოსვლისა და მკურნალობის შემთხვევები. მისი ინფორმაციით, ამ კუთხით 2010 წელს 1.4 მილიონი ლარი დაიხარჯა. „ამაზე ხელისუფლება ხშირად არ ლაპარაკობს და რეკლამირებას არ უკეთებს“, – განუცხადა ტყეშელაშვილმა დეპუტატებს.