საზოგადოება
ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვაზე უარი თქვა

 საქართველო, 13 ოქტომბერი, საქინფორმი. როგორც ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, იმ ბიუჯეტით, რაც წარმოდგენილია, ქვეყანა სიღატაკისთვის არის განწირული. სწორედ ამ მოტივაციით, ფრაქცია "ნაციონალურმა მოძრაობამ" პროექტის განხილვაზე უარი თქვა.

ქართული ოცნების” ყველა დაპირებას ბიუჯეტი ამხელს, რომელიც დამყარებულია კონკრეტულ რიცხვებზე, ხოლო ეს რიცხვები ღაღადებენ ერთ რამეს, რომ ამ ბიუჯეტის მქონე ქვეყანა იქნება მუდმივ სიღატაკეში, იქნება მუდმივი ფასების ზრდა, ჩამოშილი ლარი და ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი მოხმარდება "ქართულ ოცნებას" და მასთან დაკავშირებულ ბიზნესს. ეს ბიუჯეტი არ იქნება მომავალი წლისთვის, შეიცვლება ხელისუფლება, ახალი ბიუჯეტი იქნება, ის ბიუჯეტი, რომელიც იქნება ხალხის საკეთილდღეოდ მიმართული და რომელიც ქვეყანაში ეკონომიკურ სტაბილურობას დაამყარებს ერთხელ და სამუდამოდ. ამ ბიუჯეტის განხილვას აზრი არ აქვს, ბიუჯეტის შენიშვნებს 16 ოქტომბერს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში გავაგზავნით, დღეს განხილვაში მონაწილეობას არ მივიღებთ, რადგან მათი ბიუჯეტი ნახევარფაბრიკატია. მასში ჯანდაცვის ხარჯებიც კი არ არის მოცემული, ველოდებით, პანდემიასთან დაკავშირებით პროცესები როგორ განვითარდებაო, კარასტროფული მიმართულებით განვითარდა, დღეში 500 ინფიცირებული და რამდენიმე გარდაცვლილია. ნუთუ, პროგნოზის გაკეთება ძნელია, რომ პირველ რიგში, საჭირო იყო 5 მილიარდი მოხმარებოდა ჯანდაცვის სფეროს გაძლიერებას და ეკონომიკის ფეხზე დაყენებას? მოგებული დრო იმ პროცესების ალაგმვას უნდა მოხმარებოდა, რასაც სამწუხაროდ, დღეს ვხედავთ, როცა ქვეყანაში ლარი ჩამოიშალა და გაიქცა ვირუსი, რეალურად, უკონტროლო ვითარებაა. მის განხილვას არავითარი აზრი არ აქვს. ეს ხელისუფლება ამ ბიუჯეტს ვერ დაამტკიცებს, იქნება სხვა, უკეთესი ბიუჯეტი. შენიშვნებს, რომელიც ამ ხელისუფლების ბიუჯეტის მხილების სარკეა, წარმოვადგენთ კომიტეტზე“,- განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული თანდართული მასალებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამისი ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის“ განხილვა ფრაქციაში გუშინ უნდა გამართულიყო.