პოლიტიკა
ელდარ ბაირამოვი - აზერბაიჯანული მხარე არ მიიჩნევს თავს უფლებამოსილად, სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე მიმდინარე იურიდიულ პროცესზე კომენტარი გააკეთოს

 საქართველო, 13 ოქტომბერი, საქინფორმი. აზერბაიჯანული მხარე არ მიიჩნევს თავს უფლებამოსილად, კომენტარი გააკეთოს იურიდიულ პროცესზე, რომელიც სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს უბრალოდ არაკორექტული იქნებოდა, – ამის შესახებ საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს მრჩეველმა ელდარ ბაირამოვმა განაცხადა.

ამავდროულად, აზერბაიჯანული მხარის პოზიცია, ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც დავით გარეჯს უკავშირდება, უკვე გამოხატულია როგორც აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ, ისე საკმაოდ მოკლე, კონკრეტულ და გასაგებ ტექსტში, რომელიც საგარეო საკითხებში პრეზიდენტის თანაშემწეს ეკუთვნის“, – განაცხადა ელდარ ბაირამოვმა.

დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შს სამინისტროს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა.

როგორც პროკურატურაში აცხადებენ, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, წლების განმავლობაში საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ექსპერტების მიერ, სახელმწიფო საზღვრის შეთანხმებისას მუდმივად ხდებოდა რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირება და მათთვის გვერდის ავლით საქართველოს საზიანო გადაწყვეტილებების მიღება. თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.