საზოგადოება
დავით ხიდაშელი – საქართველოს სიამაყე!

 საქართველო, 12 ოქტომბერი, საქინფორმი. რუკების დედნები, რომლის საფუძველზეც საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო, ქართულ მხარეს ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა გადასცა, – აღნიშნული ინფორმაცია ხიდაშელმა საქართველოს პირველ არხს დაუდასტურა.

როგორც მან სოციალურ ქსელში მიმოწერისას აღნიშნა, დაახლოებით ერთ კვირაში საქართველოში დაბრუნდება და მედიის წარმომადგენლების კითხვებს უპასუხებს. რომელი წლების რუკებზეა საუბარი და როგორ აღმოჩნდა დოკუმენტები ბიზნესმენის ხელში, ამაზე დავით ხიდაშელი ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებს.

ცნობილია, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით დაწყებული გამოძიება პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო. ეს განცხადება საგამოძიებო უწყებამ სამი დღის წინ გაავრცელა, თუმცა მას შემდეგ, განმარტებები აღარ გაკეთებულა.

გუშინ, გამოძიების ფარგლებში, ჩატარდა ჩხრეკები დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ყოფილი წევრების ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას სახლებსა და ოფისებში.

არსებული ინფორმაციით, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რამდენად კანონიერად მუშაობდა 2006-2007 წლებში სადემარკაციო კომისია, რომელმაც საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვრები შეათანხმა და იხელმძღვანელა თუ არა მაშინ კომისიას 1938 წლის რუკით. ახლად მოპოვებული რუკებისა და ექსპერტიზის დასკვნების საფუძველზე, არ არის გამორიცხული, აღნიშნული შეთანხმება, რომელიც 2006-2007 წლები მოხდა, გადაიხედოს.

საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების ფაქტზე პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, თავდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, კომისიის მიერ საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.

ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა 24 სექტემბერს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა: დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით ახალი კარტოგრაფიული მასალები და დოკუმენტები მოვიძიეთ, რამაც შესაძლოა, 2006-2007 წელს მიღწეული შეთანხმების გადახედვის აუცილებლობა გამოიწვიოს“.