საზოგადოება
160 000 მოქალაქე შეიძლება სიღარიბეში აღმოჩნდეს, ხოლო 400 000 ადამიანს შემოსავალი შეუმცირდეს

 საქართველო, 12 ოქტომბერი, საქინფორმი. ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონისთვის მსოფლიო ბანკის მიერ მომზადებული ეკონომიკური ბიულეტენის თანახმად, მობილობაზე კოვიდ-19-თან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების, ტურიზმის შეფერხებისა და საგარეო მოთხოვნის არარსებობის გამო 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6%-ით შემცირდება.

მსოფლიო ბანკის პროგნოზით, ვარდნასთან დაკავშირებული შოკი მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს მოსახლეობის კეთილდღეობაზე.

აღნიშნა რა, რომ „დოლარიზებული ეკონომიკა კიდევ ერთი გამოწვევაა ამ შოკის სამართავად“, ბანკმა განაცხადა, რომ 2020 წელს დაახლოებით 160 000 მოქალაქე შეიძლება სიღარიბეში აღმოჩნდეს, ხოლო 400 000 ადამიანს შემოსავალი შეუმცირდეს.

ანგარიშის თანახმად, ეკონომიკის აღდგენის ტემპი დამოკიდებული იქნება „კორონავირუსის პანდემიის ხანგრძლივობაზე, ვაქცინის ხელმისაწვდომობასა და განაწილებაზე, ასევე გლობალური ვაჭრობისა და ინვესტიციების გაუმჯობესების ხარისხზე“.

ბანკის პროგნოზით, 2021 წელს ეკონომიკის ზრდა 4%-ს, ხოლო 2022 წელს 6%-ს მიაღწევს, „რამდენადაც პანდემიასთან დაკავშირებული შოკები გაიფანტება და ტურიზმი აღდგენას დაიწყებს მომხმარებლებისა და ბიზნესის თავდაჯერებულობის მატებასთან ერთად“. ამ სცენარის მიხედვითაც კი, მსოფლიო ბანკის თქმით, რეალური მშპ 2022 წელს 10%-ით დაბალი იქნება, ვიდრე ეს პანდემიამდე იყო პროგნოზიებული.