საქართველო, 12 ოქტომბერი, საქინფორმი. აზერბაიჯანი და სომხეთი მთიან ყარაბაღში ცეცხლს 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან შეწყვეტენ, - ამის შესახებ რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების მოსკოვში გამართული შეხვედრის შემდეგ სერგეი ლავროვმა განაცხადა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი განცხადება გავრცელდა, რომელშიც აღნიშნულია, რომ მხარეები ცეცხლის შეწყვეტასა და მოლაპარაკებების დაწყებაზე შეთანხმდნენ.
„ცეცხლი 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან ჰუმანიტარული მიზნით შეწყდება, რომლის მიზანი „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის“ შუამავლობითა და მისი რეგულაციების შესაბამისად ომის ტყვეების, სხვა დაკავებული პირების და დაღუპულების ცხედრების გაცვლაა“,- აღნიშნულია განცხადებაში.
დოკუმენტის თანახმად, ცეცხლის შეწყვეტის კონკრეტული პარამეტრები დამატებით შეთანხმდება.
გარდა ამისა, ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მხარეები ეუთოს მინსკის ჯგუფის წარმომადგენლების შუამავლობით არსებითი მოლაპარაკებების დაწყებაზე შეთანხმდნენ.
„აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკები, ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების შუამავლობით და კონფლიქტის დარეგულირების პრინციპებზე დაყრდნობით, იწყებენ არსებით მოლაპარაკებებს მშვიდობიანი დარეგულირების რაც შეიძლება სწრაფად მისაღწევად“,- აღნიშნულია განცხადებაში.
ამავე განცხადების თანახმად, მხარეები ადასტურებენ მოლაპარაკებების პროცესის ფორმატის უცვლელობის მიმართ თავიანთ ერთგულებას.
ცნობისთვის, მოსკოვში რუსეთის, სომხეთის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა 10 საათზე მეტხანს გაგრძელდა. სერგეი ლავროვის, ზოგრაბ მნაცაკანიანისა და ჯეიჰუნ ბაირამოვის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა.
სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები მოსკოვში 9 ოქტომბერს ჩავიდნენ, რომლებიც რუსეთში მთიანი ყარაბაღის საკითხზე სალაპარკოდ ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიიწვია.