უცხოეთი
PACE-ის თანამომხსენებლები მოუწოდებენ საქართველოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები შეასრულოს

 საქართველო, 12 ოქტომბერი, საქინფორმი. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) თანამომხსენებლებმა საქართველოს მონიტორინგის საკითხებში, ტიტუს კორლატეანმა (რუმინეთი) და კლოდ კერნმა (საფრანგეთი) 9 ოქტომბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის შესახებ ვენეციის კომისიის დარჩენილი რეკომენდაციების შესრულების აუცილებლობას გაუსვეს ხაზი.

„ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოში არსებულ ყველა პოლიტიკურ ძალას, რომ ახალი პარლამენტის მოწვევისთანავე ვენეციის კომისიის რეკომენდაციების განხილვის ვალდებულება აიღონ“, – განაცხადეს თანამომხსენებლებმა.

9 ოქტომბერს გამოქვეყნებულ მოსაზრებაში, ვენეციის კომისიამ აღნიშნა, რომ „საქართველოს სიტუაცია უჩვეულოა და ძალიან მაღალი დონის გამჭირვალობას საჭიროებს“. კომისიისვე თქმით, იუსტიციის საბჭოს წევრთა ვინაობისა და კენჭისყრის დროს მათი გადაწყვეტილებების გამხელა მეტ გამჭირვალობას შესძენს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესს; გასაჩივრების არსებული მექანიზმი არასაკმარისია; ყველა კანდიდატის მიმართ სამართლიანი და თანაბარი მოპყრობის უზრუნველყოფის მიზნით, საჭიროა სტანდარტიზებული ინტერვიუების ჩატარება. ვენეციის კომისია მოსამართლეობის კანდიდატთა შეფასების კრიტერიუმების შეცვლის რეკომენდაციასაც იძლევა, რა დროსაც ყურადღება უნდა გამახვილდეს მათ ასაკზე, გამოცდილებაზე, მოსაზრებებზე, დამოუკიდებლობასა და მრავალფეროვნებაზე.

თანამომხსენებლებმა წუხილი გამოთქვეს იმის გამო, რომ საქართველოს პარლამენტი არ დაელოდა კომისიის მოსაზრებას, რომელიც თავადვე მოითხოვა და აღნიშნეს, რომ პარლამენტმა ვენეციის კომისიის წინა რეკომენდაციები შეასრულა, თუმცა, „მაინც უპასუხოდ დარჩა მცირე, თუმცა არსებითი საკითხები“.

თანამომხსენებლებმა ასევე განაცხადეს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებათა გასაჩივრებასა და საბჭოს წევრთა ხმების, ასევე სახელების გასაჯაროების თაობაზე რეკომენდაციები უნდა შესრულდეს. „აღნიშნულ გაუთვალისწინებელ რეკომენდაციათა განხორციელება აუცილებელია, რათა კანონმა სრულად უზრუნველყოს ადეკვატური საფუძვლის შექმნა საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის მგრძნობიარე საკითხისათვის“, – ნათქვამია განცხადებაში.

civil.ge