საზოგადოება
სოლარიუმი და სილამაზის მსხვერპლი

solyariyმსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია შეშფოთებულია კანის კიბოთი დაავადებების მკვეთრი ზრდის გამო. როგორც საქინფორმის კორესპონდენტი ევროკავშირის ქვეყნებში ჯულიანა დიუმა 11 აპრილს იტყობინებოდა, ინგლისსა და უელსში მაისიდან ძალაში შედის ახალი კანონი, რომელიც კრძალავს 18 წლამდე ასაკის მოზარდთა სოლარიუმებით სარგებლობას. ახალი რეგულაციების უგულებელმყოფ ორგანიზაციებს საკმაოდ სოლიდური თანხის ჯარიმა ემუქრებათ.

საქართველოში სოლარიუმების მოხმარების ბუმია. ეს დღეს ჩვენში საკმაოდ სარფიანი ბიზნესიცაა. თუმცა ისმის კითხვა – რამდენად უსაფრთხო აპარატებია საქართველოში შემოტანილი, რამდენად არიან დაცული ქართველი მანდილოსნები და რა რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინონ; გადიან კი წინასწარ სამედიცინო გამოკვლევებს, შეიძლება თუ არა მათთვის ულტრაიისფერი დასხივება?

როგორც ჩანს, დღეს ჩვენმა მთავრობამაც გაამახვილა ამ მტკივნეული საკითხისადმი ყურადღება.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციების საფუძველზე საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში შექმნილი სპეციალური ჯგუფი უკვე მუშაობს ამ საკითხებზე, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროს გადაეცემა და არ არის გამორიცხული, კანონპროექტის სახით პარლამენტშიც განიხილონ.

რეკომენდაციების გათვალისწინება ამ ბიზნესით დაკავებულ სოლარიუმების მფლობელებსაც მოუწევთ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა სამსახურის უფროსის – ლელა სტურუას განცხადებით, „35 წლამდე [ასაკის] ადამიანის სოლარიუმში სიარული უკავშირდება მელანომის განვითარების რისკის 75 %-ით ზრდას... მელანომა არის კანის კიბო, რომელიც განსაკუთრებული ავთვისებიანობით ხასიათდება. აუცილებელია, შემოწმდეს, რა ტიპის სოლარიუმებია დღეს საქართველოში შემოტანილი. არსებობს ვარაუდი, შეიძლება მითია, შეიძლება ჭეშმარიტებაც არის, რომ ეს არის, ძირითადად, მეორადი სოლარიუმები“.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიგი წერეთლის თქმით, „თავისუფლად შეიძლება გარკვეული სახელმძღვანელოების, რეკომენდაციების სახით, ტექნიკური რეგლამენტების მსგავსად შეიმუშაოს თვითონ ჯანდაცვის სამინისტრომ და შემდეგ იყოს დანერგილი უკვე იმ დაწესებულებებში, ვინც ახდენს ამ სერვისებით მომსახურებას... გარკვეული დოზირება ამ სფეროში არსებობს, რომ, ვთქვათ, ეფექტი არ იყოს ცუდი“.

ეფექტი ცუდი ნამდვილად არ არის, აი შედეგი კი მეტად სავალალოა, რადგან ეს ავთვისებიანი დაავადება, სპეციალისტთა აზრით, სოლარიუმებით ინტენსიურად მოხმარების შემთხვევაში რამდენიმე წლის დაგვიანებით იჩენს თავს. ეს ამთავითვე უნდა გაითვალისწინონ ჩვენმა ქალბატონებმა და ყურად იღონ ხალხური სიბრძნე –„სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს“. ღირს კი ასეთი მსხვერპლის გაღება?!