საქართველო, 8 ოქტომბერი, საქინფორმი. მმართველი გუნდისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, ასევე საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის პროცესში მონაწილე ყოფილი ექსპერტები პროკურატურის 29 სექტემბრის განცხადებას გამოეხმაურნენ, რომლის თანახმადაც, უწყება ორ ქვეყნას შორის საზღვრის დემარკაციის საკითხზე მომუშავე სახელმწიფო კომისიის მიერ საქართველო აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთების „ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ“ შეათანხების საკითხს იძიებს. პროკურატურის განმარტებით, გამოძიება უწყებისთვის თავდაცვის სამინისტროს მიერ 2020 წლის 17 აგვისტოს მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო, რომლის თანახმადაც, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის გარკვეული მონაკვეთები „არამართლზომიერად, ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა“.
ქვემოთ ქართველი პოლიტიკოსებისა და დემარკაციის ექსპერტების 30 სექტემბერის განცხადებებია მოცემული.
ირაკლი სესიაშვილი – პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე: „ყველა შეთანხმება მოხდა ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ, ამიტომ ბუნებრივად გაჩნდა და გაუჩნდა საგამოძიებო ორგანოებს კითხვა, რომ ხომ არ იყო აქ რაიმე მიზანმიმართული ქმედება სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგოდ. არსებობს რუკა, რომლითაც დასტურდება ჩვენი სახელმწიფოს ინტერესები, ამ რუკის მოძიებაც არ მომხდარა. რიგ შემთხვევებში, ეს რუკები დაკარგულია, თუ ამის სურვილი არ ჰქონდათ გამოეყენებინათ – ესეც ეჭვებს აჩენს. ჩვენ აზერბაიჯანთან გვაქვს ძალიან კონსტრუქციული თანამშრომლობა, მიზანი არის არა [ის, რომ]ჩვენ ერთმანეთს ტერიტორიები წავართვათ, არამედ ჩვენი მიზანი არის, სამართლიანად დადგინდეს ის, რაც 1998 წლის შეთანხმებაში იქნა მიღწეული“.
გია ვოლსკი – პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი: „ინფორმაცია ისევე არის ჩვენთვის ცნობილი, როგორც გაცხადებული იყო პროკურატურის მიერ და წინასწარი მონაცემებით იკვეთება, რომ მოლაპარაკებები არ მიდიოდა მაღალ პროფესიონალურ დონეზე ისე, რომ დაცული ყოფილიყო სახელმწიფო ინტერესები. მაგრამ, ჩემი მოსაზრება, ჩემი ოპონენტების მოსაზრება აქ არაფერ შუაშია, არც წინასაარჩევნო თემები, რასაკვირველია, ეს არის სახელმწიფო მნიშვნელობის საგანგებო საკითხი, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს გამოძიებული“.
მიხეილ სააკაშვილი – ყოფილი პრეზიდენტი: „ეს არის დიდი ხნის წინ დაგეგმილი პროვოკაცია. ისინი აპირებენ, რომ ჯერ ალაპარაკონ ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე [გიორგი] მანჯგალაძე, რომელიც იტყვის, რომ მან რაღაც დავალებები მიიღო ჩემგან, თუ სხვისგან ამ ტერიტორიების გასხვისების. შემდეგ ისინი აპირებენ გამოიყვანონ მოსკოვში მცხოვრები აზერბაიჯანული ეთნიკური წარმომადგენლობის ადამიანები, რომლებიც იტყვიან, რომ ფული გადაიხადეს ამ მიწების გასხვისებისთვის და მერე ამაზე ააგებენ მთელ ამბავს, რომ ჩვენ გავყიდეთ ქართული მიწა. სიმართლე არის სრულიად საწინააღმდეგო – ჩემი მმართველობის დროს, ყველა შეხვედრაზე ჩვენ ვაყენებდით საკითხს იმისა, რომ საბოლოოდ მომხდარიყო საზღვრის დელიმიტაცია და დავით გარეჯი ყოფილიყო დაკანონებული, როგორც საქართველოს სუვერენული ტერიტორია. უფრო მეტიც, ჩვენ სერიოზული პროგრესი გვქონდა აზერბაიჯანთან ამ მიმართულებით და მთავარი ფაქტი ფაქტად რჩება, რომ ჩვენ დროს, ვერავინ გაბედავდა, [რომ] ქართველები არ შეეშვათ გარეჯში და ახლა ივანიშვილის დროს, ქართველ მომლოცველებს, საქართველოს მოქალაქეებს [შეუზღუდეს] საქართველოს უმნიშვნელოვანეს ძეგლში შესვლა“.
დავით ბაქრაძე – ევროპული საქართველო: „ის, რომ ეს ფაქტი 14 წლის შემდეგ წინასაარჩევნოდ ახსენდება ქართულ ოცნებას, თავისთავად მეტყველებს იმაზე, რა ტიპის გამოძიებაზე და რა ტიპის ფაქტზე არის საუბარი. ეს კეთდება დღეს, როდესაც კავკასია არის აფეთქების ზღვარზე, როდესაც მიმდინარეობს პრაქტიკულად სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებები მთიან ყარაბაღში. ჩვენ ტერიტორიულ პრეტენზიას ვუყენებთ აზერბაიჯანს დღეს, როცა ისედაც ომის პირას დგას მთელი კავკასია? იმისთვის, რომ ეკონომიკური პრობლემები გადაფაროს, იმისთვის რომ საჩხერის მოდელი გადაფაროს, იმისთვის, რომ ოპოზიციას ებრძოლოს, დღეს მივდივართ იმ გზით, რომ ამ გამწვავებულ ვითარებაში აზერბაიჯანთან ახალი პრეტენზიების სერიას ვხსნით?“
შალვა ნათელაშვილი – ლეიბორისტული პარტიის ლიდერი: „თუ ივანიშვილის ხელისუფლებამ იცოდა, რომ 8, 10 თუ 15 წლის უკან ვიღაცამ არასწორი დელიმიტაციის დოკუმენტაციით მოახდინა ამგვარი ცვლილება რეალურ სახელმწიფო საზღვარზე, ამის თაობაზე საქმე უნდა აღძრულიყო მინიმუმ 8 წლის წინ. რახან ეს არ მოხდა, გამოდის, რომ თვითონ ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილია თანამონაწილე ამ უმძიმეს სახელმწიფო დანაშაულში. რეალურად, ივანიშვილის მმართველობის დროს მოხდა იმ სამონასტრო კომპლექსის მონაკვეთთა წაღება, რომელზეც ჩვენ დღეს ვერ გადავდივართ“.
დემარკაციის ექსპერტები
ნინო კალანდაძე – 2008-2012 წლებში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე: „არ არსებობს შეთანხმება, კომისიას არ დაუსრულებია მუშაობა, საზღვრები არ არის შეთანხმებული, ეს 70 კილომეტრიანი მონაკვეთი არის ჯერ კიდევ შეუთანხმებელი. კომისიამ უნდა გააგრძელოს მუშაობა, რადგან ეს არის ორმხრივად სენსიტიური საკითხი. პირველი, ეს ეხება სახელმწიფო ტერიტორიებს, რომლის დათმობაც ასეთი მარტივი არცერთი სახელმწიფოსთვის არ არის და საქართველომ იქამდე უნდა გაწელოს ეს მოლაპარაკება, ვიდრე არ გამოივაჭრებს სახელმწიფოებრივად თავისთვის მომგებიან პოზიციას. და მეორე, რომ კულტურულ-ისტორიულ მონაკვეთს ეხება, დავით გარეჯის კომპლექსს და დაუშვებელია, რომ დავით გარეჯის კომპლექსის გახლეჩვა მოხდეს“.
ივერი მელაშვილი – სახელმწიფო საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრი: „არავის არაფერი გადასცემია. არანაირი ტერიტორიის გასხვისება, მითუმეტეს სხვის სასარგებლოდ, არ ყოფილა. რაც შეეხება მაგ რუკებს, რომ არის ისტორიული რუკა, მოდი ყველაფერს აქვს თავისი სახელი. არის სამართლებრივი მიდგომა, რომელიც ზუსტად ის არის, რითაც შეიძლება სარგებლობა და არის ის, რაც წამგებიანია და არ შეიძლება იმის გაკეთება. წარდგენილია ზუსტად ის მასალა, მუშაობდა კომისია ზუსტად იმ მასალაზე, რაც არის სამართლებრივად სწორი“.
Civil.ge