საქართველო, 8 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ საქართველო რჩება მწვანე ქვეყანად და სხვებთან შედარებით ეფექტურად მართავს პანდემიის ეტაპს.
პრემიერმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ქვეყანამ შეიძლება, მწვანე სტატუსი დაკარგოს და მერე ისევ მოიპოვოს.
„დღეს საქართველო რჩება მწვანე ქვეყანად, დღეს საქართველო სხვებთან შედარებით ეფექტურად მართავს პანდემიის ეტაპს, ადაპტაციისა და მართვის ეტაპზე, მიუხედავად იმისა, რომ ესეც არ არის მთავარი განმსაზღვრელი ჩვენთვის. ჩვენ შეიძლება, მწვანე სტატუსი ხვალ დავკარგოთ, ზეგ ისევ მოვიპოვოთ.
ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის, პირველი – მოქალაქეების ჯანმრთელობა, მეორე – რომ არ დაგჭირდეს შეზღუდვების დაწესება, რომელიც ასევე სერიოზულ რისკებს და დისკომფორტს შეუქმნის ეკონომიკის სწრაფ აღდგენას და რა თქმა უნდა, მესამე – სწრაფად, ეფექტურად დავასრულოთ ეს საარჩევნო პროცესი და ჩავატაროთ ყველაზე გამჭვირვალე და დემოკრატიული არჩევნები პანდემიის პირობებში საქართველოში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.