პოლიტიკა
ბერლინში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება

georgia_nato_berlinსხდომა ნატოს მინისტერიალის ფარგლებში დღეს, 15 აპრილს, ტარდება და მას საქართველოს მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე დაესწრება.

ბერლინში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონიც იმყოფება, რომელიც მის მოადგილე ფილიპ გორდონთან ერთად სხდომას შეუერთდება.

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის წარმომადგენელ ჯეიმს აპატურაის მიერ გასულ კვირას თბილისში გამართული შეხვედრების დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოში საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებულ მდგომარეობასა და საქართველოს ხელისუფლებასა და ქვეყანაში მოქმედ ოპოზიციურ პარტიებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების პერსპექტივასაც განიხილავენ.

ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფორმაცია „ოპოზიციურ რვიანში“ შემავალი პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა აპატურაისთან გამართული შეხვედრის შემდეგ მიაწოდეს.

ამასთან, შეგახსენებთ, რომ ბერლინში მიმდინარე მინისტერიალზე ISAF-ის ოპერაციაში მონაწილე ნატოს არაწევრი სახელმწიფოების დიპლომატებთან შეხვედრა უკვე გაიმართა, რომელზეც, საგარეო უწყების ინფორმაციით, კიდევ ერთხელ აღინიშნა ის წვლილი, რომელიც საქართველოს ამ ოპერაციაში შეაქვს.