უცხოეთი
პუტინი: რუსეთს სომხეთის წინაშე აქვს სამოკავშირეო ვალდებულებები და არა ყარაბაღისა

 საქართველო, 8 ოქტომბერი, საქინფორმი. რუსეთი მზადაა, კვლავაც შეასრულოს სამოკავშირეო ვალდებულებები სომხეთის მიმართ, მაგრამ საომარი მოქმედებები სომხეთის ტერიტორიაზე არ მიმდინარეობს, განაცხადა პუტინმა.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ სომხეთის ხელისუფლებას არანაირი შეკითხვა არ აქვს რუსეთთან სამოკავშირეო ვალდებულებების თაობაზე, იუწყება „Sputnik–სომხეთი“ ტელეარხ Россия 24-ზე დაყრდნობით, რომელსაც ინტერვიუ მისცა პუტინმა.

პრეზიდენტის თქმით, რუსეთი ყოველთვის ასრულებდა, ასრულებს და კვლავაც შეასრულებს თავის ვალდებულებებს, რომლებიც კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ფარგლებში აქვს სომხეთის წინაშე.

„მაგრამ საომარი მოქმედებები, რომლებიც, სამწუხაროდ, ამ დრომდე გრძელდება, სომხეთის ტერიტორიაზე არ მიმდინარეობს“,განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ის მუდმივ კავშირზეა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან, რომელსაც სამოკავშირეო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით „არანაირი კითხვა არ გასჩენია“.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გამო კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა. ერევანი და ბაქო ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყარაბაღზე აზერბაიჯანმა „საჰაერო და სარაკეტო იერიში“ მიიტანა, ბაქოში კი ირწმუნებიან, რომ ცეცხლი სომეხმა სამხედროებმა გახსნეს. მიმდინარეობს აქტიური საომარი მოქმედებები. მსხვერპლი არის ორივე მხარეს.

sputnik-georgia.com