საქართველო, 7 ოქტომბერი, საქინფორმი. ვენეციის კომისიის დასკვნაში, რომელიც „საერთო სასამართლოების შესახებ “კანონში შეტანილ შესწორებებს ეხება, არის ნიუანსები, რომლებიც ბოლომდე არ არის გათვალისწინებული, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ.
„ვენეციის კომისიას რეკომენდაცია აქვს გაცემული გარკვეულ ნიუანსებზე, რომელიც არ შეასრულა ქართულმა მხარემ და იმედს გამოთქვამენ, რომ შემდეგი პარლამენტი მათ გაითვალისწინებს. მე ამ ვითარების დრამატიზებას არ მოვახდენდი. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს სასამართლო ბევრ დემოკრატიულ ევროპულ სახელმწიფოზე მაღალ მაჩვენებელს უჩვენებს და თუ იქ რაღაც საკითხები კიდევ მოსაგვარებელია, ალბათ ვენეციის კომისიასთან მეტი კონსულტაცია გვმართებს“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
საქართველოს პარლამენტმა 30 სექტემბერს მიიღო შესწორებები კანონში „საერთო სასამართლოების“ შესახებ, რომლის თანახმად უზენაესი სასამართლოების მოსამართლეების შერჩევის ახალი წესები მკვიდრდება. შესწორებები ადგენს კანდიდატების შერჩევის ახალ წესებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ, რომელიც საბოლოოდ პარლამენტმა უნდა მოიწონოს. მმართველმა პარტიამ ბოლო შესწორებებთან დაკავშირებით კონსულტაციები გაიარა საერთაშორისო პარტნიორებთან და მოითხოვა ვენეციის კომისიის მოსაზრებები 21 სექტემბერს, მას შემდეგ, რაც მას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებმა მიმართეს. თუმცა პარლამენტი დასკვნას არ დაელოდა და ცვლილებები მიიღო.