პოლიტიკა
საქართველომ და გაერომ თანამშრომლობის ხუთწლიანი ჩარჩო-დოკუმენტი გააფორმეს

 საქართველო, 6 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში საბინე მახლმა 2 ოქტომბერს გაეროს მდგრადი განვითარების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო-დოკუმენტს მოაწერეს ხელი, რომელიც 2021-2025 წლებს მოიცავს.

ჩარჩო-დოკუმენტი განსაზღვრავს ხედვას 2021-2025 წლებისთვის ისეთ საკვანძო საკითხებზე, როგორებიცაა ეფექტური, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული ინსტიტუციების ხელშეწყობა, თანაბარი და ინკლუზიური ხელმისაწვდომობა ხარისხიან სოციალურ სერვისებზე, ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა და ადამიანური კაპიტალის გაუმჯობესება, ადამიანის უსაფრთხოებისა და მდგრადობის უზრუნველყოფა, გარემოს დაცვა და კლიმატის ცვლილების შედეგების დაძლევა.

ხუთწლიანი მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩო-დოკუმენტი ეფუძნება ქვეყნის განვითარების პრიორიტეტებს და მიზნად ისახავს საქართველოში მცხოვრები ადამიანების კეთილდღეობის, შესაძლებლობებისა და სოციალური თანასწორობის გაძლიერებას. ამას გარდა, დოკუმენტის მიხედვით, გაეროს სააგენტოების საქმიანობა მიმართული იქნება პანდემიის სოციალურ-ეკონომიკური შედეგების აღმოსაფხვრისკენ.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სამოქალაქო საზოგადოებასთან და კერძო სექტორთან პარტნიორობის ჩამოყალიბებას, რომელთა ინოვაციური პოტენციალი სასარგებლო იქნება მიზნების მისაღწევად“, – ნათქვამია საქართველოში გაეროს ოფისის ოფიციალურ განცხადებაში.