საზოგადოება
ქართულმა ოცნებამ საარჩევნო პროგრამა წარადგინა

 საქართველო, 5 ოქტომბერი, საქინფორმი. პარტია “ქართულმა ოცნებამ” 1 ოქტომბერს მოსახლეობას პარტიის „8 წლიანი საქმიანობის ანგარიში ჩააბარა“ და საზოგადოებას საარჩევნო პროგრამის ძირითადი თეზისები გააცნო. პარტია საარჩევნო კამპანიის პერიოდში მოქალაქეებისთვის სამომავლო გეგმების „დარგობრივი ბლოკების მიხედვითაც“ გაცნობასაც აპირებს.

პრეზენტაცია, რომელიც თბილისში, „ექსპო ჯორჯიის“ საგამოფენო სივრცეში გაიმართა, დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა და მას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე იმყოფებოდა პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც.

ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამის ძირითად პრიორიტეტებზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ისაუბრა და თქვა, რომ პროგრამის შემუშავებაში საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები და „მაღალკვალიფიციური ექსპერტები“ მონაწილეობდნენ.

კობახიძემ აღნიშნა, რომ პარტიის საარჩევნო პროგრამა ორ უმთავრეს პრობლემას – ოკუპაციასა და სიღარიბეს ეხმიანება, რომლებიც ოცნების ხელისუფლებამ „მემკვიდრეობით მიიღო“. მანვე „მშვიდობიანი ძალისხმევით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან შერგება და საქართველოში სიღარიბის საბოლოოდ დაძლევა“ პარტიის უმთავრეს მიზნებად დაასახელა.

ჩვენი საარჩევნო პროგრამის მიზანი ეფექტიანი და მზრუნველი ხელისუფლების მიერ იმგვარი რეფორმების განხორციელებაა, რომლებიც კიდევ უფრო განამტკიცებს დემოკრატიას მშვიდობასა და უსაფრთხოებას, უზრუნველყოფს სწრაფ ეკონომიკურ წინსვლას, აამაღლებს კეთილდღეობის დონეს, მოქალაქეების სოციალურ მდგომარეობას გააუმჯობესებს და ჩვენს ქვეყანას გაუმყარებს ღირსეულ ადგილს საერთაშორისო თანამეგობრობაში“, – ხაზი გაუსვა კობახიძემ.

მანვე აღნიშნული მიზნების მიღწევის შესაძლებლობად ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება დაასახელა და დასძინა: „მიღწევების იმ პაკეტის თანხლებით, რომლებსაც ჩვენი საარჩევნო პროგრამა ითვალისწინებს, საქართველო 2024 წელს წარადგენს ოფიციალურ განაცხადს ევროკავშირში გაწევრიანებაზე“.

კობახიძემ დასახული „ამბიციური ამოცანების“ შესრულებისთვის საზოგადოებას „მანდატი“ კიდევ ერთხელ სთხოვა და იმედი გამოთქვა, რომ ქართულ ოცნებას ხალხი ნდობას „კიდევ ერთხელ“ გამოუცხადებს. „ერთად საქართველოს ევროპული მომავლისთვის, ერთად საქართველოს წარმატებისთვის“, – მიმართა მან დამსწრეებს.

კობახიძის შემდეგ, შეკრებილებს ოცნების ხელისუფლების მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე თემატიკის მიხედვით უკვე საკანონმდელო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები ესაუბრნენ. დაახლოებით 40 წთიანი სიტყვით გამოვიდა პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც.

ივანიშვილმა სიტყვით გამოსვლის დაახლოებით მესამედი წინა ხელისუფლების კრიტიკას დაუთმო და საზოგადოებასა და საერთაშორისო თანამეგობრობას კიდევ ერთხელ შეახსენა, „თუ როგორი დესპოტური და კაცთმოძულე ხელისუფლების პირობებში მოუწია ქართულ საზოგადოებას ცხოვრება 2012 წლის 1 ოქტომბრამდე“.

მანვე ყოფილი ხელისუფლების დროს სასამართლო სისტემის, ადამიანის უფლებების, ბიზნესის შევიწროების, მუქარისა და შანტაჟის, ასევე ელიტური კორუფციის მიმართულებით არსებული ხარვეზები კიდევ ერთხელ გაიხსენა და ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლება ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის დაკარგვაშიც კიდევ ერთხელ დაადანაშაულა.

ამის შემდეგ ივანიშვილმა ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესა და სხვადასხვა საერთაშიროსო რეიტინგების ქვეყნის პოზიციების გაუმჯობესებაზე გაამახვილა ყურადღება და ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ქართულმა ოცნებამ სახელმწიფოს უმთავრეს ღერძად ადამიანი აქცია“.

ივანიშვილმა მხოლოდ ქართული ოცნების დამსახურებას მიათვალა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გაფორმება, ასევე „ევროპასთან უვიზო მიმოსვლის დაწესება“. მანვე საგარეო მიმართულებით მიღწეული წარმატების კონტექსტში „აშშ-ის ორპარტიული მხარდაჭერის აქტიც“ მოიხმო.

ოცნების თავმჯდომარემ ისიც აღნიშნა, რომ ოკუპაციის მიუხედავად, ქართული ოცნების ხელისუფლება „რაციონალური და პრაგმატული მიდგომებით მშვიდობის შენარჩუნებას“ მაინც ახერხებს, რაც მისივე თქმით, მისმა ვერცერთმა წინამორბედმა შეძლო.

მანვე კიდევ წინა ხელისუფლება რევანშის სურვილსა და საზოგადოების თვალში ქართული ოცნების რეპუტაციის შელახვის მცდელობაშიც დაადანაშაულა და დასძინა – „ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ კვლავაც ერთად საქართველოს წარმატებისთვის“.