საქართველო, 1 ოქტომბერი, საქინფორმი. ქართული ოცნების ეთნიკურად სომეხმა დეპუტატმა ენზელ მკოიანმა, რომელიც მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში ნინოწმინდა-ახალქალაქის ოლქში კენჭს უკვე დამოუკიდებლად იყრის, განაცხადა, რომ „აზერბაიჯანმა, ამჯერად თურქეთის დახმარებით, დაიწყო ომი გმირი არცახელების [მთიანი ყარაბაღი] საწინააღმდეგოდ“.
იგი მთიან ყარაბაღში მოხალისეებად წასვლის თაობაზე ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკურად სომეხი ახალგაზრდების სურვილსაც გამოეხმაურა და მათ მოუწოდა: „არ გადადგათ გარკვეული ნაბიჯები და ხელი არ შეუშალოთ სომხეთის არმიას, თავისი წმინდა მისიის შესრულებაში“.
ერევნის მიმართ მხარდაჭერა საქართველოს სხვა ეთნიკურად სომეხმა პოლიტიკოსებმაც გამოხატეს. ახალქალაქში მოქმედი სააგენტოს, Jnews-ის ცნობით, ნაციონალური მოძრაობის ეთნიკურად სომეხმა დეპუტატობის კანდიდატმა, მელიქ რაისიანმა 28 სექტემბერს Facebook-ით „არცახის რესპუბლიკის“ წინააღმდეგ აზერბაიჯანის სამხედრო ქმედებები დაგმო და სომხეთის და „არცახის“ მხარდაჭერის მზადყოფნა არა მხოლოდ „სიტყვებითა და მასალით“, არამედ „იარაღის ხელში აღებითაც“ გამოხატა.
Facebook-ზე მთიანი ყარაბაღის ხალხის მიმართ მხარდაჭერა პატრიოტთა ალიანსის მაჟორიტარობის კანდიდატმა სამველ პეტროსიანმაც გამოხატა.
მთიან ყარაბაღში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეტაკებები 27 სექტემბერს დაიწყო. ერევანი და ბაქო საომარი მოქმედებების დაწყებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.