სამართალი
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 97-ე შეხვედრა გაიმართა

 საქართველო, 28 სექტემბერი, საქინფორმი. ცხინვალის რეგიონთან საოკუპაციო ხაზის მახლობლად მდებარე სოფელ ერგნეთში 24 სექტემბერს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 97-ე შეხვედრა გაიმართა.

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ, რომელიც ერგნეთის შეხვედრების ფასილიტატორია, განაცხადა, რომ „მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს IPRM-ის ფორმატისა და პირდაპირი დიალოგის მნიშვნელობას, და ყველაზე აქტუალურ საკითხებზე, რომლებიც ადგილზე სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე გავლენას ახდენს, კონსტრუქციული დისკუსიები გამართეს“.

შეხვედრის ფასილიტატორებმა – ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა მარეკ შჩიგელმა და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში, რუდოლფ მიხალკამ – აღნიშნეს, რომ „ინფორმაციის დროული გაცვლა ყველა არსებული საშუალებით იმისათვის, რომ ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე ინციდენტები აღიკვეთოს და დაძაბულობა შემცირდეს, კვლავ გადამწყვეტია“.

შეხვედრის მონაწილეებმა რამდენიმე საკითხი განიხილეს, მათ შორის, მიმდინარე „ბორდერიზაცია“, ჩორჩანა-წნელისის მიდამოებში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება, გადაადგილების თავისუფლება და სხვა აქტუალური საკითხები, რომლებიც პანდემიის კუთხით გაუარესებული მდგომარეობას უკავშირდება. „მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო ბოლოდროინელ დაკავებების შემთხვევებს“, – განაცხადა მისიამ.

მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობით პრობლემატური საკითხების მოგვარება გადამწყვეტია ადმინისტრაციულ-სასაზღვრო ზოლზე შემდგომი ინციდენტებისა და დაძაბულობის აღსაკვეთად.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს მოქალაქეების დაკავებაზე, მათ შორის, ხვიჩა მღებრიშვილის საქმეზე, რომელიც ცხინვალის ხელისუფლებამ 3 ივლისს „სახელმწიფო საზღვრის“ დარღვევის მოტივით თვითნებურად დააკავა. ანთაძის თქმით, მღებრიშვილს, რომელსაც ცხინვალი რეგიონში ღამურების შესაგროვებლად შესვლას ედავება, ხვალ გაათავისუფლებენ.

ანთაძის თქმით, მონაწილეებმა ცხინვალის მიერ ივლისში დაკავებული ზაზა გახელაძის საკითხიც განიხილეს. მისი თქმით, ცხინვალის წარმომადგენლებმა საქართველოს ხელისუფლებას აცნობეს, რომ გახელაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა „ნორმალურია“.

შეხვედრაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დააყენეს ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები ეთნიკურად ქართველი ჟურნალისტის, თამარ მეარაყიშვილის უფლებების ხელყოფის საკითხი და „მკაცრად მოითხოვეს სამოქალაქო აქტივისტის დევნისა და მის მიმართ დაწესებული უკანონო შეზღუდვების დაუყოვნებლივ შეწყვეტა“.

ანთაძისვე განცხადებით, შეხვედრის მსვლელობისას, ერგნეთს რუსულმა ვერტმფრენმა გადაუფრინა. „როდესაც ჩვენ ვისხედით კარავში გადაგვიფრინა ვერტმფრენმა და ესეც არ იყო პირველი შემთხვევა… ყველა მონაწილემ თვალნათლივ დაინახა რამდენად ახლოს მოხდა. რა თქმა უნდა, ეს არის უკიდურესად დესტრუქციული ქმედება, რომელიც სერიოზულ ზიანს აყენებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს“- განაცხადა მან.

თავის მხრივ, იგორ კოჩიევმა, რომელიც IPRM-ის შეხვედრებზე ოკუპირებული ცხინვალის „პრეზიდენტს“, ანატოლი ბიბილოვს წარმოადგენს, აღნიშნა, რომ „შეხვედრაზე საქართველოს მხრიდან სამხრეთ ოსეთის საზღვრის დარღვევის საკითხები განიხილეს, რაც კორონავირუსის პანდემიისას განსაკუთრებით აქტუალურია“. მისივე თმით, ოსურმა მხარემ ჩორჩანას საგუშაგოდან ქართველი სამართალდამცველების გაყვანაც მოითხოვა.

11-თვიანი პაუზის შემდეგ IPRM-ის შეხვედრა ერგნეთში უკვე მეორედ გაიმართა. ერგნეთის შეხვედრები გასული წლის აგვისტოდან მოყოლებული, მას შემდეგ იყო შეჩერებული, რაც ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა თბილისს ახლადმოწყობილი ქართული საპოლიციო პოსტის გაუქმების შესახებ ულტიმატუმი წაუყენეს და შეხვედრა დატოვეს. ერგნეთის მომდევნო შეხვედრა 20 ნოემბერს დაიგეგმა.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში შეიქმნა და ის საქართველოს, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლების, ასევე ადგილზე მყოფი რუსი მესაზღვრეების ჩართულობით, ორ რეგიონში უსაფრთხოების საკითხების განხილვას ისახავს მიზნად.