საქართველო, 25 სექტემბერი, საქინფორმი. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯეიჰუნ ბაირამოვის განცხადებით, საქართველო-აზერბაიჯანს შორის საზღვრის დელიმიტაციის საკითხებთან დაკავშირებით ორ ქვეყანას შორის არსებული შესაბამისი უწყებები და კომისიები მუშაობენ.
მისივე თქმით, საზღვრის დელიმიტაციის საკითხებთან დაკავშირებით 2020 წლის მარტში უნდა გამართულიყო მორიგი შეხვედრა, თუმცა პანდემიის გამო ვერ შედგა.
ჯეიჰუნ ბაირამოვის განმარტებით, იმედს იტოვებს, რომ ზოგადად, საზღვრის დელიმიტაციის საკითხები შესაბამისი კომისიის მიერ იქნება გადაწყვეტილი.
ამასთან, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, მსგავსი საკითხების განხილვის პერიოდში სპეციალისტების თავისუფალ გარემოში მუშაობისთვის შესაბამისი პირობები უნდა შეიქმნას.
„მინდა, მოგაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია და ჩვენი პოზიციაც მოგახსენოთ. სწორად აღინიშნა, რომ საქართველო-აზერბაიჯანს შორის დელიმიტაციის საკითხებთან დაკავშირებით ორ ქვეყანას შორის არსებული შესაბამისი უწყებები და კომისიები მუშაობენ. მათ 2019 წლიდან რამდენიმე შეხვედრა გამართეს. 2020 წლის მარტის თვეშიც უნდა გამართულიყო მორიგი შეხვედრა, თუმცა პანდემიის გამო შესაბამისი შეხვედრები 2020 წელს ვერ შედგა.
იმედს ვიტოვებთ, რომ ზოგადად, საზღვრის დელიმიტაციის საკითხები კომისიის მიერ იქნება მოგვარებული და გადაწყვეტილი. ამ მიმართულებით საქმიანობა მიმდინარეობს, ტარდება კვლევები და მსჯელობა, სჯობს, ჩვენ ეს სპეციალისტებსა და პროფესიონალებს მივანდოთ. აგრეთვე მინდა, ერთი საკითხიც აღვნიშო, მიგვაჩნია, რომ მსგავსი საკითხების განხილვის პერიოდში სპეციალისტების თავისუფალ გარემოში მუშაობისთვის შესაბამისი პირობები უნდა შეიქმნას, ამ მიმართულებით რამე სპეკულაცია ან პოლიტიკური შეფასებები პროცესის მუშაობას ხელს უშლის.
გარკვეული პერიოდის უკან ჩვენ დავრწმუნდით, რომ მსგავს საკითხებს აზერბაიჯან-საქართველოს ურთიერთობების უარყოფითი გავლენის მსურველები, ანუ მესამე ქვეყნები იყენებდნენ, ამიტომაც ორივე ქვეყნის მოქალაქეებსა და სამოქალაქო საზოგადოებას ვურჩევ, უფრო ყურადღეებით იყვნენ.
იმის გამო, რომ ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი და სათუთი საკითხია, მოზომილები უნდა ვიყოთ განცხადებებშიც, რადგან ჩვენი ურთიერთობები არ დაზიანდეს. დამერწმუნეთ, საქართველო-აზერბაიჯანს შორის არ არსებობს საკითხები, რომლებიც არ შეიძლება განხილულ იქნას და მოგვარდეს, დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში ეს საკითხიც მოგვარდება“, – განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.