საზოგადოება
გერმანიის საგარეო უწყება საკუთარ მოქალაქეებს საქართველოში აუცილებლობის გარეშე ტურისტულ მოგზაურობასთან დაკავშირებით აფრთხილებს

 საქართველო, 23 სექტემბერი, საქინფორმი. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს საქართველოში აუცილებლობის გარეშე ტურისტულ მოგზაურობასთან დაკავშირებით აფრთხილებს. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოში შედარებით ნაკლებად არის დაზარალებული „კოვიდ-19“-ის პანდემიის შედეგად, თუმცა ახალი ყოველდღიური ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა სამნიშნა რიცხვების ქვედა დიაპაზონშია, რის შედეგადაც სექტემბრის შუა რიცხვებში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის შემთხვევები რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ ინფიცირების გავრცელების მაჩვენებლით ყველაზე მეტად დაზარალებულია დასავლეთ საქართველო, კერძოდ კი აჭარა.

განცხადების თანახმად, საქართველოში 8 ივლისს გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ლატვიიდან, ლიეტუვიდან და ესტონეთიდან მოგზაურებს შეუზღუდავად შეუძლიათ ჩასვლა. ამისთვის საჭიროა გერმანიის მოქალაქეობის, ან მუდმივი ბინადრობის წარდგენა. გამგზავრებამდე საჭიროა, ელექტრონულ ფორმაში ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობის ისტორიისა და საქართველოში საკონტაქტო მონაცემების მითითება.

გერმანიის საგარეო უწყების ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ხუთი ქვეყნიდან პირდაპირი რეისით ჩასულ მოქალაქეებს კარანტინის გავლა არ უწევთ. თუმცა, 15 სექტებრიდან სავალდებულოა „კოვიდ-19“-ზე ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული პისიარტესტის პასუხების წარდგენა. ამასთან, ტესტის გაკეთება შესაძლებელია ჩასვლისას, თბილისის აეროპორტშიც. ტესტის პასუხების მიღებამდე (რვა საათის განმავლობაში), ვიზიტორი უნდა იყოს იზოლაციაში სასტუმროში, ან კერძო ბინაში.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნულია, თუ მოგზაური საქართველოში სხვა ქვეყნიდან ჩადის, ან ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდა სხვა ქვეყანაში, ის ვალდებულია, ჩაიტაროს ტესტი „კოვიდ-19“-ზე და პასუხის მიუხედავად, გაიაროს რვადღიანი კარანტინი. იგივე წესი მოქმედებს, თუ აეროპორტში ჩასვლისას მოგზაურს დაუფიქსირდა ტემპერატურა 37 გრადუსზე ზემოთ.

გერმანიის საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ სხვა ქვეყნებისთვის საქართველოს საჰაერო და სახმელეთო საზღვრები 2020 ოქტომბრის ბოლომდე ჩაკეტილია. გამონაკლისი ვრცელდება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებსა და მათი ოჯახის წევრებზე, დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებზე, ოფიციალურ დელეგაციებზე. საქართველოში შესვლაზე ნებართვის მიღების შემდეგ, აღნიშნული პირები ვალდებულები არიან, გაიარონ რვადღიანი კარანტინი. ამასთან, გამონაკლისი მოქმედებს საქმიანი მოკლევადიანი ვიზიტით ჩასული პირებისთვის, რომლებიც, კარანტინის ნაცვლად, ყოველ 72 საათში პისიარტესტს ჩაიტარებენ.

ამასთან, განცხადებაში ჩამოთვლილია საქართველოში კორონავირუსის გამო მოქმედი შეზღუდვები, მათ შორის, 200 ადამიანზე მეტის მონაწლეობით მასობრივი ღონისძიებების გამართვის აკრძალვა, ქორწილებსა და დაკრძალვებზე მოქმედი შეზღუდვა, საზოგადოებრივ დაწესებულებებსა და ტრანსპორტში პირბადის ტარების აუცილებლობა და სხვა ზომები.