უცხოეთი
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა

 საქართველო, 23 სექტემბერი, საქინფორმი. სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. აზერბაიჯანის არმიის უმცროსი სერჟანტი ელშან ალი ოღლუ მამედოვი თოვუზის რაიონში დაიღუპა.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სამხედრო სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარზე, თოვუზის მიმართულებით „მორიგი პროვოკაციის შედეგად“ დაიღუპა. როგორც აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში განაცხადეს, რომ „ფრონტზე ვითარების გამწვავებაზე სრული პასუხისმგებლობა სომხეთის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ეკისრება“.

თავის მხრივ, სომხური სააგენტო „ნიუს ამი“ წერს, რომ სომხეთის თავდაცვის სამინისტრო საზღვარზე აზერბაიჯანელი სამხედროს გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

„რაც შეეხება გარდაცვლილ აზერბაიჯანელ სამხედროს, სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ამაზე ინფორმაცია არ გააჩნია. თუმცა, ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე რისკების შემცირების მექანიზმების არქონა მიუღებელია და დაძაბულობას იწვევს“, – განაცხადა თავდაცვის უწყების პრესმდივანმა შუშან სტეპანიანმა.

1tv.ge