პოლიტიკა
ლავროვმა წარმოთქვა სადღეგრძელო „highly likely“-ს სტილში - არნო ხიდირბეგიშვილი

   საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც სერგეი ლავროვის 2020 წლის 20 სექტემბრის „RTVI“–სთვის მიცემულ ინტერვიუს გაეცნენ, სვამენ კითხვას - რას ემყარება რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის რწმენა, რომ ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს შორის აღდგება? თბილისის გადმოსახედიდან ლავროვის მიერ მოყვანილი არგუმენტები, აშკარად არასაკმარისია.

თავიდანვე უარვყოფ ვერსიას, რომ ლავროვი რაღაცას მალავს - საქართველოს ხელისუფლებარ აწარმოებსაიდუმლო მოლაპარაკებებს რუსეთის ხელისუფლებასთან ქართველი ხალხის ზურგს უკან.

   ამავე დროს, ადვილი მისახვედრია, რომ ობიექტური წინაპირობები“, რომლებიც ლავროვს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების დარეგულირების მტკიცებულებებად ამ ბოლო ხანს მოჰყავს, ერთმანეთისგან გარკვეულწილად განსხვავდება. თუ 2020 წლის 17 აგვისტოს გაზეთ „Труд“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მათ უფრო კონკრეტული და პრაგმატული ხასიათი ჰქონდათ - ლავროვმა ჩვენს ქვეყნებს შორის საქონელბრუნვის, ფულადი გზავნილებისა და რუსეთიდან საქართველოში ტურისტების მზარდი ნაკადის ამსახველი შთამბეჭდავი ციფრები მოიყვანა, RTVI- სთან ინტერვიუში იგი აპელირებდა სულიერი კატეგორიებით, როგორიცაა "ტრადიციული, ისტორიული სიახლოვე“, ჩვენი ხალხების ურთიერთმიზიდულობა" და "ჩვენს წინასწარგანწყობათა მრავალი დამთხვევა", გულისხმობდა რა, კავკასიური პურმარილისადმი "ბრძენი ქართველი ხალხისა" და რუსების საერთო სიყვარულს.

   შეიცვალა სხვა აქცენტებიც - თუ გაზეთ Труд“-თან ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის იმედები საქართველოსთან ურთიერთობების დარეგულირების საქმეში მმართველ პარტიას უკავშირდებოდა - ყოველმხრივ მხარს ვუჭერთ 2012 წელს ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს ალიანსის მთავრობის მიერ ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზების კურსს“, ერთი თვის შემდეგ, “RTVI”- თან ინტერვიუში, რუსეთ-საქართველოს დარეგულირების საქმეში მისი იმედები უკვე "მმართველ ელიტებში ჯერჯერობით მცირე პარტიებისა“ და იმქართველი პოლიტიკოსების“ იმედი აქვს, რომლებიც გამოჩნდნენ და ამას მხარს უჭერენ". რის შემდეგაც საქართველოში მარჩიელობენ - ვის გულისხმობდა იგი...

   მიუხედავად რუსი მინისტრის ურყევი, მე ვიტყოდი, თანმიმდევრული ოპტიმიზმისა ჩვენს სახელმწიფოებსა და ხალხებს შორის ნორმალური ურთიერთობების აღდგენის საქმეში, ბოლო ინტერვიუში ამ აღდგენის ვადები ბუნდოვანია. თუ გაზეთ "Труд-ში ეს იყო "არსებული უთანხმოების უსწრაფესი დაძლევა, ორმხრივი კავშირების აღდგენა და სრულფასოვანი განვითარება" უახლოვეს დროში, რაც "ჩვენი ქვეყნებისა და ხალხების გრძელვადიან ინტერესებს პასუხობს", RTVI–თან რუსეთის მთავარი დიპლომატი უფრო ფრთხილ ფორმულირებებს იყენებს - რომ ჩვენი ხალხები საბოლოოდ მაინც გადალახავენ ამჟამინდელ ანომალურ სიტუაციას.

   მართალია, ლავროვის ბოლო და წინა ინტერვიუებში, ისევე როგორც ყველა გამოსვლაში, ლაიტმოტივად ჟღერს "ორმხრივად მომგებიანი და მეგობრული ურთიერთობები საქართველოსთან", რომლებიც მოიცავს "საერთო ისტორიითა და კულტურით, მილიონობით ადამიანის ურთიერთდაკავშირებული ბედით გაერთიანებული ორი ქვეყნისა და ხალხების ეროვნულ ინტერესებს". და რეფრენად გასდევს, რომ „ქართველ პარტნიორებს, რომლებიც პერიოდულად ანტირუსულ კარტს ათამაშებენ კონიუნქტურული მიზნებისთვის, ამ ჭრილში აშკარად არ ჰყოფნით თანმიმდევრულობა".

   ამიტომ, რაკიღა შუბლდადაფნული რუსი დიპლომატის ზეამოცანა ჩემთვის უცნობია, შემიძლია მისი ბოლო ინტერვიუ შევაფასო მხოლოდ როგორც სადღეგრძელო „highly likely“–ს სტილში, რომელშიც იგი აფასებს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების აღდგენას მაღალი ალბათობით“.

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2020 წლის 22 სექტემბერი
საქართველო, თბილისი