პოლიტიკა
საქართველო მოიქცა როგორც ძალიან სანდო პარტნიორი, როდესაც სომხეთში საკუთარი ტერიტორიის გავლით სამხედრო ტვირთების ტრანსპორტირება არ დაუშვა - ილჰამ ალიევი

 საქართველო, 22 სექტემბერი, საქინფორმი. აზერბაიჯანულ ტელეკომპანებთან ინტერვიუში, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 19 სექტემბერს განაცხადა, რომ „საქართველო მოიქცა როგორც ძალიან სანდო პარტნიორი“, როდესაც სომხეთში საკუთარი ტერიტორიის გავლით სამხედრო ტვირთების ტრანსპორტირება არ დაუშვა.

ალიევის განცხადებას წინ აზერბაიჯანული ონლაინჟურნალის haqqin.az-ის მიერ გავრცელებული ინფრმაცია უძღოდა, რომლის თანახმადაც, სომხეთი იარაღს სერბეთიდან და რუსეთიდან საქართველოს გავლით იღებდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ იარაღის გაყიდვასთან თბილისის კავშირი მაშინვე უარყო და ბრალდებებს მედიის მიერ გავრცელებული „დაუზუსტებელი ინფორმაცია“ უწოდა.

უნდა ვთქვა, რომ ძალიან ვაფასებ საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს ამ ვითარებაში“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ სწორედ სამხედრო ტვირთების გატარებაზე საქართველოს უარის გამო „სომხეთში სატვირთო თვითმფრინავებს იარაღი კასპიის ქვეყნების ტერიტორიების გავლით, საჰაერო გზით გადააქვთ“.

აღნიშნა რა, რომ ორ ქვეყანას „ისტორიული კავშირები და საერთო ინტერესები აკავშირებთ“, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობებს ახლო კონტაქტები აქვთ ერთმანეთთან და ეს მომავალშიც ასე იქნება“.

პრეზიდენტმა ალიევმა განაცხადა, რომ ახალდანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი თბილისს ოფიციალური ვიზიტით უახლოეს მომავალში ესტუმრება.

მან სომხეთის მოქალაქეები, აგრეთვე საქართველოში მცხოვრები, ასევე „ქართულ გვარებს ქვეშ ამოფარებული ეთნიკური სომხები“ ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობებისთვის ზიანის მიყენების მცდელობაში დაადანაშაულა. „მაგრამ ისინი ამას ვერ მიაღწევენ, რადგანაც… ჩვენ სანდო პარტნიორები ვართ და ყველა საკითხს ღიად განვიხილავთ“, – თქვა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.