აქტუალური
აფხაზეთში კორონავირუსის 61 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

 საქართველო, 22 სექტემბერი, საქინფორმი. აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის მიერ შექმნილმა ოპერატიულმა შტაბმა კორონავირუსით კიდევ 61 ადამიანის ინფიცირება დაადასტურა.

მაისიდან აფხაზეთში აღრიცხული აქვთ კორონავირუსის 939 შემთხვევა. მათგან გამოჯანმრთელებულია 255. COVID-19-ით გარდაცვლილია 7 ადამიანი.

შტაბის ინფორმაციით, გუდაუთის საავადმყოფოშია 99 პაციენტი, რომელთაგან კორონავირუსი დადასტურებული აქვს 97-ს. მათგან მძიმე მდგომარეობაშია 6.

გუდაუთის საავადმყოფო აფხაზეთში ერთადერთი კოვიდ-ცენტრია. ინფიცირებულთა უმრავლესობას თვითიზოლაციის პირობებში მკურნალობენ.

ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა მკვეთრად მოიმატა აგვისტოდან, როცა დე ფაქტო ხელისუფლებამ რუსეთთან ე.წ. საზღვარი გახსნა.

მაისიდან ივლისის ბოლომდე აღრიცხული ჰქონდათ 81 შემთხვევა. 31 ივლისიდან 20 სექტემბრის ჩათვლით კი, უკვე 858. დაუზუსტებელი მონაცემებით, აფხაზეთში 240 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს.