საზოგადოება
IRI: „ქო“ – 36%, „ენმ“ – 15 %

 საქართველო, 18 სექტემბერი, საქინფორმი. „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) მიერ 17 სექტემბერს გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, საპარლამენტო არჩევნები რომ ამ კვირას ტარდებოდეს, გამოკითხულების 36% ხმას ქართულ ოცნებას, 15% კი – ნაციონალურ მოძრაობას მისცემდა. 4-4%-იანი მხარდაჭერა აქვთ ევროპულ საქართველოს, სტრატეგია აღმაშენებელსა და პატრიოტთა ალიანსს, 3%-იანი ლეიბორისტულ პარტიას, 2-2%-იანი კი – ალეკო ელისაშვილის მოქალაქეებს, გირჩსა და ლელოს. ამავე კვლევით, 3%-მა თქვა, რომ ხმას არავის მისცემდა, 23%-მა არ იცის/უარს ამბობს პასუხზე.

გამოკითხულების 54%-ის მოსაზრებით, ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება (ოქტომბერში ეს მაჩვენებელი 68% იყო), 35% კი – საპირისპიროს ფიქრობს (ოქტომბერი 22%). ქვეყნის სწორი მიმართულებით განვითარებაზე უფრო ახალგაზრდა მოქალაქეები (18-29 წლისანი) მიუთითებენ (39% – სწორი მიმართულება, 50% – არასწორი მიმართულება), ოდნაც საწინააღმდეგო მოსაზრებას აფიქსირებენ 50 წელს ზემოთ მოქალაქეები (33% – სწორი მიმართულება, 56% არასწორი მიმართულება).

კვლევის ფარგლებში, რესპონდენტებს კითხვა ქვეყანაში არსებული დემოკრატიული ვითარების შესახებაც დაუსვეს. 11%-მა თქვა, რომ იგი ქვეყნის დემოკრატიული მდგომარებით ძალიან კმაყოფილია (2019 წლის ოქტმბერი – 9%), 40% გარკვეულწილად კმაყოფილია (2019 წლის ოქტომბერი – 33%), 25% უფრო უკმაყოფილოა (2019 წლის ოქტომბერი – 27%), 19% ძალიან უკმაყოფილოა (2019 წლის ოქტომბერი – 24%). აღსანიშნავია, რომ ქვეყნის დემოკრატიული მდგომარეობით უკმაყოფილონი უფრო 50 წელს ზემოთ ასაკის რესპონდენტები არიან, ვიდრე ახალგაზრდები.

საზოგადოებრივი აზრის კვლევა, 2020 წლის 4-დან 21 აგვისტომდე პერიოდში, „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ დაკვეთით, ბალტიის კვლევების/გელაპის (The Gallup) მიერ ჩატარდა და მის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული რეგიონების გარდა), პირისპირ ინტერვიუს სახით, საარჩევნო უფლების მქონე 1 500 ადამიანი გამოკითხა. კვლევის ავტორების განმარტებით, შედეგების საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2.5%-ია. კვლევა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) დააფინანსა.

კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულების 74% დიდი ალბათობით ოქტომბრის საპარალამენტო არჩევნებში ხმის მისაცემად წავა, 16% კი – უფრო კი, ვიდრე არა.

რესპონდენტების 72%-ის თქმით, მოახლოებულ არჩევნებზე მათ გადაწყვეტილებაზე გავლენას პარტიის ეკონომიკური პოლიტიკა იქონიებს, 56%-ის განცხადებით, ჯანდაცვა და უსაფრთხოება, 17%-ისთვის გადამწყვეტი განათლების პოლიტიკა იქნება, 13%-მა ამ თვალსაზირისით სასამართლო სისტემის რეფორმა დაასახელა, 10%-მა კი – საგარეო პოლიტიკა (გამოკითხულებს კითხვაზე ორი ვარიანტის არჩევის შესაძლებლობა ჰქონდთ).

აგრეთვე, გამოკითხულების 33%-მა აღნიშნა, რომ მათ არჩევანზე გავლენას პოლიტიკური პარტიების მიერ დასახელებული კანდიდატების პიროვნული მახასიათებლები იქონიებენ გავლენას, 23%-მა პარტიების წარსული საქმიანობა დაასახელა, 15%-მა კანდიდატების პარტიული კუთვნილება, 14%-ისთვის კი – ამ კუთხით მნიშვნელოვანი პლატფორმა/პროგრამა/დაპირებები იქნება.

კითხვაზე, იცნობენ თუ არა იმ პარიტებისა და კანდიდატების საარჩევნო პროგრამებს, რომლებიც მათ ქალაქებში/რეგიონებში/სოფლებში იყრიან კენჭს, 7%-მა უპასუხა, რომ ძალიან კარგად იცნობს, 35% გარკვეულწილად იცნობს, 25% უფრო არ იცნობს, 26% კი – საერთოდ არ იცნობს.

გამოკითხულების 44% მიიჩნევს, რომ არჩევნების შემდეგ, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი საპარალმენტო უმრავლესობამ უნდა დანიშნოს, 36%-ის მოსაზრებით მრავალპარტიულმა კოალიციამ, 20%-მა კი – არ იცის.

ამასთან, რეპონდენტების 17% მიიჩნევს, რომ პარლამენტში პროპორციული წესით არჩეული დეპუტატების რაოდენობის ზრდა (77-დან 120-მდე) ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე დადებითან აისახება; 38% ფიქრობს, რომ აღნიშნულს გარკვეულწილად დადებითი ეფექტი ექნება; 12%-ის მოსაზრებით, უფრო ნეგატიური; 6%-ის რწმენით, ძალიან ნეგატიური; 27%-მა არ იცის/უარს ამბობს პასუხზე.

გამოკითხულების 37% კოვიდ-19-ზე მთავრობის საპასუხო ზომებით ძალიან კმაყოფილია, 45% გარკვეულწილად, 11% და 6% კი – უფრო უკამყოფილო და ძალიან უკმაყოფილოა.

რაც შეეხება, კოვიდ-19-ის შედეგად გამოწვეულ ეკონომიკურ შედეგებზე მთავრობის რეაგირებას, რესპონდენტების 15% ძალიან კმაყოფილია, 40% გარკვეულწილად, 24% უფრო უკმაყოფილოა, 19% კი – ძალიან უკმაყოფილო. კვლევის შედეგებით, აღნიშნული მიმართულებით მთავრობის ძალისხმევით უფრო კმაყოფილი სოფლად მცხოვრები მოსახლეობაა, ვიდრე თბილისელები.

გამოკითხულების 22% ქართული ოცნების ხელისუფლების მთავარ მიღწევად კოვიდ-19-თან ბრძოლას ასახელებს, 12% ჯანდაცვას, 4% ინფრასტრუტქტურას, 4% სტაბილურობას. 26% მიიჩნევს, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებას მიღწევა არ აქვს, 17%-მა არ იცის/უარს ამბობს პასუხზე. რესპონდენტები მთავრობის მთავარ წარუმატებლობად უმუშევობას (10%), ეკონომიკურ ვითარებას (9%), დაპირებების შეუსრულებლობასა (9%) და გაზრდილ კრიმინალს (6%) ასახელებენ. 9%-ის მოსაზრებით, მოქმედ მთავრობას წარუმატებლობა არცერთი მიმართულებით ჰქონია. 25%-ს არ აქვს პასუხი.

შინამეურნეობებში არსებულ ვითარებას გამოკითხულების 2% ძალიან კარგად აფასებს, 39% გარკვეულწილად დადებითად, 36% უფრო ცუდად, 22% კი – ძალიან ცუდად.

გამოკითხულების 32%-ის განცხადებით, კოვიდ-19-ის პანდემიამ შინამეურნეობების ეკონომიკურ მდგომარეობაზე გავლენა არ ჰქონია, 39%-ის თქმით, გარკვეულწილად გაუარესდა, 25%-ის მოსაზრებით კი – ძალიან გაუარესდა. ამასთან, 1%-ზე ნაკლებმა აღნიშნა, რომ პანდემიის ფონზე შინამეურნეობების მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, 3%-ის თქმით კი – გაურკვეულწილად გაუმჯობესდა.

სოფლად-ქალაქად არსებულ სხვადასხვა პრობლემაზე საუბრისას, გამოკითხულების 25% მთავარ პორბლემად უმუშავეობას ასახელებს, 12% სასმელ წყალს, 7% ეკონომიკას, 5-5% კი – გზებსა და ეკოლოგიას.

გამოკითხულების 31%-ის თქმით, შინამეურნეობების მთავარი პრობლემა უმუშევრობაა, 15%-ის მოსაზრებით ეკონომიკა, 8% და 6% კი – სიღარიბესა და დაბალ ანაზღაურებას ასახელებს.

გამოკითხულების 40% ყველაზე მეტად ტელეკომპანია „იმედს“ენდობა, 16% „მთავარ არხს“, 11% „რუსთავი 2“-ს, 5% „ტელეკომპანია პირველს“, 19% კი – არცერთს.

პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მისაღებად სოციალურ მედიას გამოკითხულების 38% იყენებს, 61% კი – არა. სოციალური მედიის მოხმარების თვალსაზრისით უფრო ახალგაზრდა თაობა გამოირჩევა (58%), ვიდრე 50 წელს ზემოთ მოქალაქენი (21%).